გაზ. ერთობა, 1921 წლის 10 თებერვალი, N31
საქართველოს იურიდიულად ცნობის გამო
სოხუმი. 3 თებ. სოხუმმა იანვრის 31-ს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა დიდი ზეიმით იდღესასწაულა. თავისუფლების ქუჩაზე გამწკრივებული იყო მთელი გარნიზონი. დიდძალ ხალხის თანდასწრებით აფხაზეთის კომისარიატის თავმჯდომარე ემხვარმა წაიკითხა თფილისიდან მოსული დეპეშა საქართველოს იურიდიულად ცნობის შესახებ.
ამის საპასუხოთ გასროლილ იქნა რამოდენიმეჯერ ტყვიისმფრქვევლებიდან. ამავე დროს ნავთსადგურში მყოფი იტალიის გემი „იუნო“ მოირთო დროშებით, და ზეიმს რამოდენიმე გასროლით მიესალმა. შესდგა მიტინგი, რომელმაც შემდეგი რეზოლუცია მიიღო: „სოხუმის მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელმაც მოისმინა კომისარიატის თავმჯდომარის ცნობა საქართველოს იურდიულათ ცნობის შესახებ, უგზავნის სალამს მთელ მთავრობას, რომელმაც შესძლო მიუხედავათ მტრების წინააღმდეგობისა, მიეყვანა ქართველი ხალხი და ახალგაზრდა რესპუბლიკა დამოუკიდებელი არსებობის ცნობამდე, რასაც ერის ცხოვრებაში მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთის მცხოვრებლებს, ჯარსა და გვარდიას სწამთ, რომ ამიერიდან თავისუფალი და დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეუდგება იმ ჭრილობების მორჩენას, რომელიც მიაყენა მას მსოფლიო ომმა და საერთო არევ-დარევამ. საქართველოს დემოკრატია ზეიმით აცხადებს მთელი ქვეყნის წინაშე, რომ იგი კაცობრიობის გადასახლების საქმეში შეიტანს თავის წვლილს“. დეპეშა მთავრობის თავმჯდომარეს გაეგზავნა.
ამავე დღეს შესდგა ქალაქის საბჭოს საზეიმო სხდომა. სხდომამ შემდეგი დიდი დადგენილებანი მიიღო: 1. გაიღოს 500 000 მანეთი სოხუმის უღარიბეს მცხოვრებთათვის დახმარების აღმოსაჩენად, 2. 27 იანვრის აღსანიშნავათ დაარსოს სტიპენდიები სახელმწიფო უნივერსიტეტში, 3. დაერქვას სოხუმის ერთ-ერთ ქუჩას 27 იანვრის სახელი. დასასრულს გადაწყდა გაეგზავნოს დეპეშა მთავრობისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეებს (საქართველოს დეპეშათა სააგენტო).