უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის „საჯარო პირები“ გააფრთხილა, რომ არ გააჟღერონ საქართველოში დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდებები. მას მხედველობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცოტა ხნის წინანადელი განცხადება ჰქონდა. სამინისტრომ ასევე უარყო სააკაშვილის ბრალდებები თბილისში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის წინააღმდეგ.
უკრაინის მოქალაქემ და მისი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 8 თებერვალს მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ქართველ მომიტინგეებს, რომლებიც კოვიდ-19-ის რეგულაციებს აპროტესტებდნენ და „ცივილიზებულობის ფარგლებში“ დაუმორჩილებლობის აქტის მიღებისკენ მოუწოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს „საშინაო საქმეებში ჩარევად“ აღიქმება, რასაც სამინისტრო „კატეგორიულად ეწინააღმდეგება“.
უკრაინის საგარეო უწყებამ ასევე უარყო სააკაშვილის მიერ თბილისში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები. სააკაშვილმა დოლგოვს „ღრმად კორუმპირებული“ უწოდა და საქართველოში უკრაინის ორი მოქალაქის, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე საქართველოს მოქალაქის მიხაილო ბატურინის დაკავების საქმეზე უმოქმედობაში დაადანაშაულა.
სააკაშვილის ბრალდებებს წინ 9 თებერვალს უკრაინის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში ვიზიტი უძღვოდა, სადაც მან შეშფოთება გამოხატა ექს-პრეზიდენტის განცხადების გამო, რაც, მისივე თქმით, თბილისსა და კიევს შორის არსებულ ურთიერთობებს აზიანებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საელჩომ თბილისში არაერთი შეხვედრა გამართა საქართველოს ოფიციალურ პირებთან და პროკურორებთან დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ გემზე მყოფი სამი პირი 28 ნოემბერს, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა.
„ვსარგებლობთ შესაძლებლობით, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად და მიუკერძოებლად განიხილოს ეს საქმე, შეცვალოს თავისუფლების შეზღუდვის ზომა და გაათავისუფლოს უკრაინის ხსენებული მოქალაქეები“, – დასძინა უკრაინის საგარეო უწყებამ.
10 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებული კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მედიის ინფორმაციით, მიხაილო ბატურინი უკრაინაში სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)