შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თებერვლის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ თანამდებობაზე ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა. იგი, ამ დრომდე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
დიასამიძემ პოსტზე ავთანდილ გალდავა შეცვალა, რომელიც ამავე თანამდებობაზე აჭარაში გადაინაცვლებს. თავის მხრივ, გალდავამ პოსტზე კონსტანტინე ანანიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 9 თებერვალს მთავრობის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა.
სწორედ ავთანდილ გალდავა აწარმოებდა მოლაპარაკებებს 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელ ბადრი ესებუასთან, მოგვიანებით კი – იგი მძევლებს ჩაენაცვლა. სამთვენახევრიანი ძებნის მიუხედავად, ესებუა შსს-ს ამ დრმდე არ დაუკავებია.
დაახლოებით ორი კვირის წინ, გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა კახეთში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთშიც.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი რწმუნებულები დანიშნა
- კახეთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავთ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)