აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე არტიმონ გაბელაია ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
გაბელაიამ ამ თანამდებობაზე სტანისლავ ამიჩბა შეცვალა. ეს უკანასკნელი, რომელიც ამ პოსტზე 2020 წლის მაისიდან მსახურობდა, ბჟანიამ თანამდებობიდან იმავე ბრძანებით გაათავისუფლა.
ამიჩბას გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, ბჟანია ენერგოკრიზისის ფონზე რაიონების ადმინისტრაციების უფროსებს სამსახურებიდან დათხოვნით დაემუქრა, თუკი ისინი ელექტროენერგიის მოხმარების 2019 წლის დონემდე შემცირებას არ უზრუნველყოფდნენ. აფხაზეთის ლიდერმა მაშინ სხვებთან ერთად, ოჩამჩირის რაიონიც გამოყო, სადაც 2019 წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 56%-ით გაიზარდა. 62%-იანი ზრდით პირველ ადგილზე ტყვარჩელის რაიონი იყო.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ელექტროენერგიის მოხმარების შეუმცირებლობა ამიჩბას დათხოვნის მიზეზი.
ბოლო დროს, ოკუპირებულ რეგიონში რიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. აფხაზეთის „დაბეგვრის მინისტრი“ დაურ კურმაზია თანამდებობიდან 4 თებერვალს გადადგა, რასაც პოსტიდან საბაჟო კომიტეტის უფროსის, გურამ ინაფშბას გათავისუფლება მოჰყვა. ამას გარდა, „უშიშროების სამსახურის“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რობერტ კიუტი ამავე სამსახურის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა.
აფხაზური წყაროების ცნობით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ოჩამჩირის რაიონში 25 901 ადამიანი ცხოვრობდა, საიდანაც დაახლოებით 10% ეთნიკური ქართველი, ხოლო 78% ეთნიკური აფხაზი იყო. ქალაქ ოჩამჩირის მოსახლეობა, სადაც 1989 წელს 20 000 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა უმრავლესობაც ეთნიკური ქართველი იყო, 2020 წელს 5 276 მკვიდრამდე შემცირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)