საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 12 თებერვალს პარლამენტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად თანხმობისთვის მიმართა.
პროკურატურამ პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც მელიამ უარი განაცხადა ნოემბერში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა. მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. თუმცა, 2019 წლის 20-21 ივნისის ანტი-საოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანომ მელიას პროკურატურის თხოვნით 2019 წლის 26 ივნისს დეპუტატის იმუნიტეტი ერთხელ უკვე მოუხსნა.
ამის მომდევნო დღეს გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან, თუმცა მას მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა. იმავე წლის ივლისში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა და დამატებით პროკურატურას მის გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგი დაავალა. მას ხელზე სპეციალური სამაჯური სწორედ ამის შემდეგ დაუმაგრეს.
ამასთან, 2019 წლის 12 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნიკა მელია ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე დამნაშავედ ცნო, პარლამენტმა მას დეპუტატის მანდატიც შეუწყვიტა.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე მელია საარჩევნო ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას პროპორციული სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა. მიუხედავად პარლამენტში გასული ოპოზიციის უმეტესი ნაწილის საპარლამენტო ბოიკოტისა, მელია ჯერჯერობით ისევ დეპუტატად ირიცხება.
ასევე წაიკითხეთ:
- პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა
- სასამართლომ ბანკი „ქართუს“ საქმეზე ნიკა მელია და ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)