გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 19 თებერვალი, N39
გმირი სარდალი გენერალი კვინიტაძე
იცნობთ გიორგი კვინიტაძეს?
თუ არ იცნობთ, დღეიდან იცოდეთ, რომ ის არის გმირი სარდალი სამხედრო კულტის შემოქმედი.
დიდი სტრატეგი.
საქართველოს ჯარის სულის ჩამდგმელი.
საქართველოს მტრის თავზარდამცემი.
როგორც მზე ისე მოევლინა ქართველ მხედრობას და გაათბო მათი სხეული.
როგორც რისხვა დაატყდა თავს საქართველოს მტერს.
აღაფრთოვანა ქართველი მეომარი და ყიჟინა დასცა ქართველების მტრებს.
კვინიტაძე და საქართველოს ჯარი.
საკმაო იყო მისი სახე ფრონტზე, რომ მთელი საქართველოს ჯარი ყალყზედ დამდგარიყო.
ფაფარ ასხმული და როგორც ლომი მტერს კვეთოდა.
ასეა, როდესაც ხალხის შვილი, ერთი შესუნთქვით შეისისხლხორცებს თავის ერის ჭრილობებს და განკურნავს უებარ წამლით და ხალხს გადააქცევს შემდეგ გმირად.
გმირმა კვინიტაძემ ჩვენ ჯარშიაც მხოლოდ გმირები ნახა.
სულმა სული იცნო და გულმა გული.
საქართველოს ისტორიას ბევრი გმირი ახსოვს.
საქართველოს გმირებს კიდევ ერთი გმირი მიემატა.
ეს არის გენერალი კვინიტაძე, რომელმაც ისეთი ცეცხლი დაანთო ქართველ ჯარისკაცის გულში, რომ მისი გაქრობა თვით სიკვდილსაც აღარ შეუძლიან.
მაგრამ სული მარად უკვდავია და მარად მშვენიერების გამომსახველი.
ვაშა ქართველ ადამიანის მაღალ ბუნებას.
გაუმარჯოს საქართველოს მხედრობას და მის მთავარ სარდალ გმირს კვინიტაძეს, რომელმაც… მაგრამ ეხლა არ არის ხოტბისა და ქების დრო, ეს ისტორიის საქმეა; რომელიც გენერალ კვინიტაძესთანა გმირებს ოქროს ასოებით აღნიშნავს.