Site icon Civil.ge

სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ნიკა მელია. ფოტო: facebook.com/Nika.Melia5

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, 16 თებერვალს, პარლამენტმა პროკურატურის თხოვნის საფუძველზე, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა, რითაც საგამოძიებო უწყებას მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის მიმართვის ნება მისცა.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან უარი განაცხადა ნოემბერში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე, თავდაპირველად, 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მელიას მხარდამჭერები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ისინი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავების შესაძლებლობას არ მისცემდნენ. ისინი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჯერ კიდევ დილიდან შეიკრიბენენ და სასამართლოს გადაწყვეტილება ერთად მოისმინეს. ოპოზიცია საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს, რასაც ქართულ ოცნებაში კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერების გარემოცვაში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ თქვა, რომ ქვეყანაში პარტიული პოლიტიკა დასრულებული და არსებობს მხოლოდ ორი მხარე – „[ერთი] ეროვნული მოძრაობის ინტერესები და მეორე – ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები“. „ან ვდგავართ ერთ მხარე, ან ვდგავართ მეორე მხარეს“, – დაამატა მანვე.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა, რომ საკითხს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ფართო გავლენა“ ექნება, რამდენადაც არჩევნების შემდგომი ჩიხის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებები ორი თვეა შეჩერებულია.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებით მოუწოდა სასამართლოს, რომ „დეტალურად იმსჯელოს [მელიასთვის]. პატიმრობის შეფარდების საფუძვლებსა და ლეგიტიმურობაზე“. მათვე ხაზი გასუვეს, რომ ოპოზიციური ლიდერის მიმართ „შერჩევითი“ მართლმსაჯულება „გამოუსწორებლად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს“.

მათვე განაცხადეს, რომ იმ დროს, როდესაც სასამართლო მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს, 20-21 ივნისის აქციის „დისპროპორციულად დასჯაზე“ პასუხი ჯერ არავის უგია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)