Site icon Civil.ge

ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღესვე მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „გამორჩეული გამოცდილების პროფესიონალია“, რომელსაც შეუძლია „იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“. მისივე თქმით, ღარიბაშვილის ხელახლა გაპრემიერების გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად მიიღო.

„[მმარველი გუნდი ]გუნდი ძალიან მალე აღადგენს იმ წესრიგს და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება“, – თქვა წარდგენის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე მთავარ გამოწვევებად კოვიდ-19-ის პანდემია და უმუშევრობა დაასახელა და დაამატა, რომ მმართველი გუნდი მოქალაქეებს ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

39 წლის ღარიბაშვილი, რომელიც რვა წლის განმავლობაში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა, პოლიტიკაში 2011 წელს მოვიდა და 2012 წელს, ოცნების გამარჯვების შემდეგ 2013 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა. 2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, ეს თანამდებობა ღარიბაშვილმა დაიკავა. იგი 2015 წლის დეკემბერში გადადგა.

2015 წელს, პოლიტიკური მიმომხილველები ღარიბაშვილის გადადგომას მთავრობის ნდობის დაკარგვას, ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კაბინეტის განახლების საჭიროებას უკავშირებდნენ. ივანიშვილმა 2015 წელს განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგა. ივანიშვილის თქმით, იგი ღარიბაშვილს ეუბნებოდა, რომ მისი ნათესავები მას პრობლემას შეუქმნიდნენ და რომ ის ამ მხრივ გამოწვევების წინაშე იდგა. ღარიბაშვილის რამდენიმე ნათესავს მაღალი თანამდებობები ეკავა, კერძოდ სამართალდამცველ სტრუქტურებში, რაც ოპოზიციის და მედიის კრიტიკას იწვევდა.

ღარიბაშვილი პოლიტიკაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ის პარტიის პოლიტიკურ მდივნად შეარჩია. 2019 წლის სექტემბერში გახარიამ ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნა.

ოპოზიციის გამოხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატი „დაქოქილ თოჯინას“ შეადარა და თქვა, რომ მისი კანდიდატად დასახელება იმის მანიშნებელია, რომ „ქართულ ოცნებასაც მობეზრდა იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი“. მანვე დაამატა, რომ ქართული ოცნება „დამთავრებულია“.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განმარტებით კი – ქართულ ოცნებას ახლა ორი არჩევანი აქვს – უფრო აგრესიულად წარმართოს თავისი პოლიტიკა ან ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე იფიქროს. მისივე შეფასებით, პრემიერობის კანდიდატად ღარიბაშვილის წარდგენა იმის მანიშნებელია, რომ მმართველი გუნდი პირველი გზით მიდის. „ერთადერთი გამოსავალი იქნება მოლაპარაკება და პროცესის დაცხრობა“, – დასძინა მან.

პარტია მოქალაქეების დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ იმის ნაცვლად, რომ ოცნებას პრემიერად ისეთი ადამიანი შეერჩია, რომელიც ნაბიჯებს „დეესკალაციისა“ და „სიტუაციის განმუხტვისკენ“ გადადგამდა, ისეთ ადამიანს ნიშნავენ, რომელიც „არის ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი და ყველაზე მოძულე ოპოზიციის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)