Site icon Civil.ge

არასამთავრობოები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მოუწოდებენ

ნიკა მელია. ფოტო: facebook.com/Nika.Melia5

ჩვიდმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 18 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისგან, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს „კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას“.

ერთობლივი განცხადების თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა არსებით სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერ, 48 საათში, გასაჩივრების უფლებას მხარეებს არ ანიჭებს. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გამოტანილ განაჩენთან ერთად საჩივრდება. შესაბამისად, ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის მოტივით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა.

„ეს იქნება არსებული მძიმე კრიზისის განმუხტვის ინსტიტუციური და ლეგიტიმური გზა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნეს რა, რომ გიორგი გახარიას გადადგომა კრიზისის სიმძაფრეზე მიუთითებს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ „შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის უპირველესი ვალდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალას და იმ ინსტიტუტებს აკისრიათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ არიან ჩართული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)