მას შემდეგ, რაც დღეს გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოების გამო პრემიერის პოსტი დატოვა, ქართულმა ოცნებამ პრემიერობის ახალ კანდიდატად მთავრობის ყოფილი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ქართულ ოცნებაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში მისი წვლილი გაიხსენეს, ოპოზიციაში კი – ოპონენტების მიმართ მისი ხისტი დამოკიდებულების გამო ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა წარდგენა გააკრიტიკეს.
„სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა პოზიციებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდის შეფასება
კახა კუჭავა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „მას [ღარიბაშვილს] ნამდვილად კარგად იცნობენ. ძალიან ბევრი საკითხი, რეფორმა, მათ შორის, არის დაკავშირებული მის სახელთან. მე პირადად გამოვყოფდი ერთ განსაკუთრებულ ფაქტს – ეს არის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ნამდვილად დიდი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნისთვის და რაც ყველაზე მთავარია, არა მხოლოდ ხელმოწერა, არამედ ძალიან აქტიურად განხორციელება იმ სამოქმედო გეგმისა და ვალდებულებების, რომლებიც ჩვენ ავიღეთ ამ ხელშეკრულებით, რომელმაც მიგვიყვანა საბოლოოდ თუნდაც [შენგენის ზონაში] თავისუფალ მიმოსვლის შეთანხმებასთან. ის ძალიან აქტიური პრემიერი იყო, ასევე მინისტრიც“.
მამუკა დინარაძე – ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე: „[ირაკლი ღარიბაშვილის] მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებულია საქართველოს პარლამენტში, იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ფრაქცია ქართული ოცნება, დღეს პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი. ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ ეს გადაწყვეტილება გავაცანით უმრავლესობას. შესაბამისად, უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის კანდიდატად ექნება და პრემიერი გახდება. აქ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ არის“.
შალვა პაპუაშვილი – ქართული ოცნება: „აბსოლუტურად ერთმხრივი და ცალსახა მხარდაჭერა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას. ასე რომ, აქ გუნდი ძალიან შეკრული არის და ჩვენ მომართულნი ვართ იმისკენ, რომ პროაქტიულად წინ წავწიოთ კიდევ ჩვენი ქვეყანა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერ-მინისტრი, რომლის პრემიერობის დროსაც, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერ-მინისტრი, რომლის პრემიერობის დროსაც, საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე“.
ოპოზიციის შეფასება
სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: ღარიბაშვილის არჩევა არის განაცხადი რომ თუნდაც ეს შირმა პროდასავლურობის ბიძინა ივანიშვილს აღარ აინტერესებს, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერ-მინისტრი, რომლის გადაყენების მოთხოვნაც იყო პირდაპირ დასმული ბრუსელიდან, თავის დროზე. მე კარგად მახსოვს მისი ვიზიტები. მახსოვს, შოკი უბრალოდ რასაც იწვევდა მისი ვიზიტები, უვიცობა, მისი დამოკიდებულება, ზოგადად და დასავლეთის მოთხოვნა იყო ამ ადამიანის ჩანაცვლება. [ღარიბაშვილის ხელახლა დანიშვნა] არის განაცხადი იმაზე, რომ ივანიშვილს უბრალოდ აღარ აინტერესებს რას ფიქრობს დასავლეთი მის ხელისუფლებაზე. ძალაუფლების შენარჩუნება არის დღეს გადარჩენისთვის ბრძოლაში მისი მთავარი ამოცანა“.
თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ღარიბაშვილის პოლიტიკური რეციკლირება და პოლიტიკაში ამ სახით დაბრუნება, მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის მოქმედებები სრულიად მოკლებულია რაციონალურ აზრს. [ღარიბაშვილი არის] ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რეპუტაცია ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ივანიშვილმა განიზრახა, რომ ერთადერთ მოკავშირედ დაიტოვოს პუტინი და ქვეყანაში დაამყაროს პუტინისტური დიქტატურა“.
ოთარ კახიძე – ევროპული საქართველო: „ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობა ხასიათდებოდა ერთი მხრივ ოპოზიციაზე ძალადობით, ოფისებზე თავდასხმებით, ასევე მან დაგვამახსოვრა თავი კორუფციული სქემებით. ეს არ არის ფიგურა, რომელიც იქნება რაღაც ფორმით გამაერთიანებელი. არ არის ფიგურა, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაზე ორიენტირებული“.
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები: „ძალიან ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს, ალბათ, ერთ-ერთი უარესი ვინც კი შეეძლო ქართულ ოცნებას შეერჩია. ხომ ვნახეთ, როგორი პრემიერ მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი? ნულოვანი შედეგი ჰქონდა მას, როგორც პრემიერ მინისტრს […] და რაც ყველაზე მთავარია, ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ სიტუაციაში, ამ ვითარებაში, ქართულ ოცნებას უნდა შეერჩია ისეთი ადამიანი, ვინც ნაბიჯებს გადადგამდა დეესკალიციისკენ, სიტუაციის განმუხტვისკენ, ვინც იქნებოდა მოლაპარაკების მომხრე, ვინც შეძლებდა ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას [და] გათვალისწინებას. ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, რომელსაც ნაციონალების ცოცხლად შეჭმა უნდა, ლამის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)