„საქართველოს შეეძლო რეგიონის წამყვანი ქვეყანა ყოფილიყო, თუმცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალს და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტად გამოყენების პრაქტიკას უბრუნდება“, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიამ 18 თებერვალს.
„დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, [ნიკა მელიას] დაპატიმრების გადაწყვეტილებით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება არჩია, ნაცვლად მისი მოგვარებისა და კომპრომისის გამოძებნისა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტიის თქმით, „გამოსავალი ამ სიტუაციიდან ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლებაა“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა, რასაც 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისი.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა
- ოპოზიცია მმართველ გუნდს ახალი არჩევნების ჩატარებაზე მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებს
- გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)