Site icon Civil.ge

გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"მთავარი არხის" წამყვანი გიორგი გაბუნია, ფოტო: კადრი ტელეკომპანია "მთავარი არხის" ვიდეოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების“ საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს მაგომედ გუციევს.

გუციევის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე, 157-ე, 344-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარებდა, რაც ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.

სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუციევი 2020 წლის ივნისში მას შემდეგ დააკავა, რაც მან ვასამბეგ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით „არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“. ამასთან, იგი გიორგი გაბუნიას სისტემატურად უთვალთვალებდა და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 2020 წლის ივნისში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით, რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. მაშინ კადიროვმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „თუკი ვინმე მისი მითითებებით მოქმედებს, მათ ასრულებს კიდეც“.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)