საქართველოში აშშ-ის საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა, სხვებთან ერთად, ქვეყანას პირველი კონსტიტუციის საუკუნოვანი იუბილე მიულოცეს.
აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ პირველ კონსტიტუციაში „გამოხატული ღირებულებები ისეთივე მნიშვნელოვანია 2021 წელს, როგორც – 1921 წელს“. „თქვენ უნდა იამაყოთ ამ დღით და ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა ბოლო 100 წლის განმავლობაში. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და განაახლოთ ერთგულება უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, თქვენი თითოეული თანამოქალაქის სახელით“, განაცხადა აშშ-ის საელჩომ.
„მოქალაქეებმა, არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, დასძინა საელჩომ.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ 1921 წლის კონსტიტუცია „იყო მნიშვნელოვანი მიღწევა“, რომელმაც საქართველო „მტკიცედ განათავსა“ „ევროპულ ღირებულებათა [დიდ] ოჯახში“, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, სიტყვისა და მედიის თავისუფლებას.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „მრავალი თვალსაზრისით, ეს კონსტიტუცია თავის დროს უსწრებდა“, რადგანაც მან საყოველთაო საარჩევნო უფლება, პროპორციული არჩევნები, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, „მართლმსაჯულების აღსრულების მკაცრი ჩარჩო“ დანერგა და გააუქმა სიკვდილით დასჯა. ევროკავშირის წარმომადგენლობის თქმით, ეს „ორიენტირები“ დღემდე „მეტად აქტუალურია“ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვისაც.
შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა კი თქვა, რომ 1921 წლის კონსტიტუციის მიღება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს „ერთიანობის, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისათვის“. „დაე ყველა მხარემ იმოქმედოს იმავე სულისკვეთებით დღეს და იმუშაოს ერთად, დემოკრატიის გასაძლიერებლად და ევროპული ინტეგრაციის გასაგრძელებლად”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)