Site icon Civil.ge

22 თებერვალი, 1921: გენშტაბი: მტერი უკუვაქციეთ, ხელთ ვიგდეთ ტყვეები, 8 ტყვიამფრქვევი

ფრონტის ხაზზე მყოფი ქართველი მებრძოლები, 1921 წლის თებერვალი, ფოტო კინოქრონიკიდან. დაცულია ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 23 თებერვალი, N41

ფრონტზე

(გენერალური შტაბის ცნობა)

(თბილისი, თებერვლის 22.)

თბილისის პოზიციებზე დამარცხებული მტრის მდევარმა, ჩვენი ჯარის მოწინავე რაზმმა გუშინ საღამოს აიღო სოფელი კუმისი და წალასყური. სოფელ კუმისთან ღამის ბრძოლაში ჩვენ ხელთ ვიგდეთ მტრის 8 ტყვიისმფრქვეველი, 3 ოფიცერი და 53 წითელარმიელი. სოფელ წალასყურთან მტერს წავართვით სასროლ მასალათა ყუთი ყუმბარებით და ვაზნებით.

გზა და გზა ჩვენი ჯარი ხედავს აშკარა ნიშნებს მტრის სრული არევ დარევისა და დიდი ზარალისას.

კახეთში ადგილობრივმა გლეხებმა დაიწყეს სასტიკი პარტიზანული მოქმედება ბოლშევიკების ცხენოსანი რაზმის წინააღმდეგ.

მტერმა დარიალშიაც სცადა ჩვენს მოწინავე პოზიციებთან მოახლოება, მაგრამ უკუგდებულ იქმნა.

გაგრის მიმართულებით მტრის შემოტევა შეჩერებულია.