Site icon Civil.ge

ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, მოსკოვი „კონსტიტუციის დაცვისკენ“ მოუწოდებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტმა“ „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“ მიიღო, ფოტო: cominf.org

ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „დეპუტატები“ და „გენერალური პროკურორი“ ურუზმაგ ჯაგაევი კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 18 თებერვალს რეგიონის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს და სპიკერ ალან თადტაევს მიმართა და აღნიშნა, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „დეპუტატების“ მიერ საკანონმდებლო მუშაობის შეჩერება „ანტიკონსტიტუციურია“.

ჯაგაევმა განაცხადა, რომ „საკანონმდებლო ორგანოს“ მუშაობის შეჩერება „საფრთხეს უქმის [რეგიონის] სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საკონსტიტუციო უფლებამოსილებების განხორციელებას“. მისი თქმით, ნაცვლად ორი მესამედისა, ხმათა უმრავლესობა (34-დან 18 ხმა) უნდა ჩაითვალოს საკმარისად ნებისმიერი „კანონის“ მისაღებად, გარდა „საკონსტიტუციო ცვლილებებისა“.

ამავე განცხადებით, ჯაგაევი ასევე მიესალმა რეგიონის „2021 წლის ბიუჯეტის“ მიღებას, რომელიც ორი მესამედის კვორუმის არარსებობის მიუხედავად, „საკანონმდებლო“ ხვრელის წყალობით მაინც მიიღეს.

2020 წლის სექტემბერში ოპოზიციონერმა „დეპუტატებმა“ მანდატები შეიჩერეს და უარი თქვეს მუშაობის განახლებაზე, სანამ ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი „გენერალური პროკურორის“ ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენების შესახებ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა და არ დაიწყებოდა გამოძიება ახალგაზრდა პატიმრის ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, წამებით გარდაცვალების თაობაზე.

თავის მხრივ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა „დეპუტატებმა“ (ამჟამად თავდაპირველი 17-დან 14 დეპუტატი აგრძელებს ბოიკოტს) 19 თებერვალს ჯაგაევის საპასუხოდ განაცხადეს, რომ „პროკურატურას“ არ გააჩნია უფლებამოსილება შეაფასოს არის, თუ არა „საკანონმდებლო ორგანის რეგლამენტი“ კონსტიტუციური.

მათი თქმით, „თავის ანალიზში, პროკურატურა ცდილობს სხვა სახელმწიფო ორგანოები ჩაანაცვლოს, რა დროსაც კანონით დაწესებული ჩარჩოებიდან გამოდის“.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „დეპუტატები“ მოსკოვს მიმართავენ

თებერვლის დასაწყისში, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა „დეპუტატებმა“ რუსეთის ვიცე-პრემიერს, მარატ ხუსნულინს მიმართეს და აღნიშნეს, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის არსებულ ურთიერთობებს „სამართლებრივი ძალა“ არ აქვს, ვინაიდან ცხინვალის რეგიონის „მთავრობის“ უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 29 ოქტომბერს ამოიწურა.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სერგეი ნაზაროვმა 18 თებერვალს მათ უპასუხა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ცხინვალში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, რასაც „ინსტიტუტების ფუნქციის დაკარგვა“ და რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის თანამშრომლობაში „მნიშვნელოვანი გართულებები“ მოჰყვა.

„არსებული უთანხმოებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუ ხელისუფლების თითოეული შტო მკაფიოდ დაიცავს საკუთარ უფლებამოსილებას, როგორც ამას კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)