Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო გეგმა წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილი, ფოტო: თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 თებერვალს, პარლამენტში, ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი „დესტრუქციული“ ოპოზიციისა და ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო, რის შემდეგაც თანაგუნდელებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის სამთავრობო გეგმის ზოგადი თეზისები გააცნო. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით დეტალურ ხედვასა და ქვეყნის განვითარების სამომავლო 10 წლიან გეგმას იგი მომდევნო 100 დღის ვადაში წარადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსთან ბრძოლის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაათმაგებაა საჭირო, რათა „შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში“.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებაზე მმართველი გუნდის ამბიციური განაცხადისთვის „ფრთების შესასხმელად“ მიდგომების შეცვლაა საჭირო. „ჩვენ გვჭირდება სათანადოდ განვითარებული ეკონომიკა“, – ხაზი გაუსვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარიამ თანაგუნდელებთან ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე არსებული უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა. ღარიბაშვილი ამ თანამდებობას უკვე მეორედ დაიკავებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა რომელიც 2013-2015 წლებში, პრემიერობის პირველი ვადის დროს ნაციონალური მოძრაობისადმი ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართულ საბოტაჟში“ დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მანვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს „კრიმინალი“ უწოდა და თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეობა „ინდულგენცია“ არ არის. ღარიბაშვილმა ახალი არჩევნების დანიშვნაზე რაიმე ტიპის დიალოგიც „კატეგორიულად“ გამორიცხა.

ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა, „დესტრუქციული“ ოპოზიცია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 30 წლიან ისტორიაში ყოფილი მთავრობების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წლიანი პერიოდი გამოყო.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, მივიღეთ „ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება; ადამიანების წამება; უფლებების ფეხქვეშ გათელვა; საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით; ტერიტორიების დაკარგვა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება, რამაც კიდევ უფრო გაართულა აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა“.

ამის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატმა მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადად პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო და ხაზი გაუსვა, რომ „სრული უსუსურობისა და მარცხის“ ფონზე გარკვეული „რადიკალური“ და „დესტრუქციული“ ძალები „მუდმივად ცდილობენ საზოგადოების დაყოფას და ქაოსისკენ ისწრაფვიან“.

„ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფომ სათანადო პასუხი არ გასცა მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას“, – თქვა ღარიბაშვილმა. მანვე შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს უთხრა, რომ „ეს ქაოსი უნდა დასრულდეს“ და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ღარიბაშვილმა „დესტრუქციული“ ოპოზიციის მხრიდან „პარტიული ტელევიზიების“ პროპაგანდის საშუალებად გამოყენებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა – „მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, ვინაიდან ჩვენ ყველა ამ სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს“.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი არის „,მიუღებელი“ სახელმწმიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართული საბოტაჟი“. მანვე თქვა, რომ ქვეყანას ხალხის ინტერესების გარშემო გაერთიანება სჭირდება.

„ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, რომ დაუახლოვდეს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციის „ჯანსაღ ნაწილს“ ეყოფა „გამბედაობა“ მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზად არის, თუმცა არა იმ „რადიკალურ“ ფრთასთან, რომელიც „სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას“ ცდილობს.

ენმ-ის წვლილი ქვეყნის ოკუპაციაში

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია „დესტრუქციული ოპოზიციის მმართველობამ“ განაპირობა. „მათ თავიდან ვერ აიცილეს ის უბედურება, რომელიც მოიტანა აგვისტოს ომმა და რამაც განაპირობა ჩვენი ტერიტორიების რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან აღიარება“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

„როდესაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები, ჩვენი ოსი თანამოქალაქეები უყურებენ როგორი დესტაბილიზაციის მცდელობები მიმდინარეობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ერთობა ჩვენს ერში“, – დაამატა მან.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ოკუპირებულ ცხინვალში 35 წლის საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის პოლიტიკის მემკვიდრეობას დაუკავშირა.

ეკონომიკა – მცირე მთავრობა, როგორც განვითრების შემაფერხებელი

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა სამთავრობო გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და ეკონომიკის გაჯანსაღებაში სახელმწიფოს როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მცირე საშუალო და დიდი ბიზნესისადმი თანადგომა იქნება სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა და თქვა, რომ ეკონომიკური განვითარების მთავარი პრინციპი უნდა გახდეს ინკლუზიური განვითარება და „ეკონომიკის სიკეთეები უნდა შეეხოს თითოეულ მოქალაქეს და სახელმწიფო ასევე უნდა იდგეს ბიზნესინტერესების სადარაჯოზე“. „მცირე მთავრობის იდეა, მითია, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარებას“, – დაამატა მანვე.

„ეკონომიკა უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი, რათა თითოეულმა ადამიანმა და ბიზნესმენმა იგრძოს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სტაბილურ გარემოში, რომ ხვალინდელი დღე იქნება დღევანდელზე უკეთესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს, რომ პროდუქტი როგორც ადგილობრივი ბაზრის, ისე ექსპორტისთვისაც აწარმოოს. „არცერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანვე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ჯანდაცვა, უმცირესობები, ადამიანის უფლებები

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიამ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება გამოაჩინა, რაშიც მან უწყების ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

პრემიერობის კანდიდატმა მოსახლეობის ვაქცინაცია მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და თქვა, რომ ქვეყანაში ეს პროცესი მარტიდან დაიწყება, წლის ბოლოსთვის კი – მოსახლეობის 60% იქნება აცრილი.

ღარიბაშვილმა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციაც აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ „ისინი სახელმწიფოს მშენებლობაში თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულნი“.

„ადამიანის უფლებები არასდროს ყოფილა ისე დაცული, როგორც არის ჩვენი მთავრობის პირობებში, თუმცა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა და საერთო ძალისხმევა“, – განაცხადა მან.

„საქართველო უნდა ვაქციოთ ქვეყნად, სადაც ადამიანები არიან თანასწორნი, სადაც დაცულია მისი თითოეული მოქალაქის უფლებები. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც პარტნიორია თანამედროვე სამყაროსი“, – დაამატა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)