Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი: ლიეტუველი დეპუტატის განცხადებები ქართული ოცნებისთვის „არაფერს ნიშნავს“

ლიეტუვის სეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა და ოპოზიციის ლიდერებმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს. 21 თებერვალი, 2021. ფოტო: კადრი რადიო თავისუფლების ვიდეოდან.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები „მიუღებელი და აღმაშფოთებელია“. მისი თქმით, პავილიონისი პირდაპირაა დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან.

„აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და შეახსენა ლიეტუველ დეპუტატს, რომ ქართული ოცნება „ჩვენი მოსახლეობის მიერაა არჩეული. ჩვენმა მოსახლეობამ მესამე მანდატი მოგვანიჭა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. არავის აქვს უფლება მოგვიწოდოს გაუგებარი უსამართლო განცხადებებით“.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებები „არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის“ და მოუწოდა პავილიონისს და „ჩვენს მეგობრებს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები“. „ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის“, – დაამატა მან.

გუშინ ლიეტუველმა დეპუტატმა ქართულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თბილისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა და მხარეებს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო „რეაგირება მოჰყვება“ და საქმე, „შესაძლოა, სანქციების საკითხამდეც მივიდეთ“.

ლიეტუველი კანონმდებლის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამძაფრებას მოჰყვა. 17 თებერვალს სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც მომდევნო დილით, გადაწყვეტილების აღსრულებაზე მმართველ გუნდთან უთანხმოების გამო პრემიერ გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომა მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)