23 თებერვალს დილას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ქართული ოცნების მისამართით მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „ოპოზიციური პარტიის ოფისზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმი და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაცია თბილისში“. სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას „თავშეკავება გამოიჩინონ და პოლიტიკურ დიალოგს დაუბრუნდნენ“.
„ღრმად შეშფოთებული ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. უთანხმოებების ძალის გამოყენებით მოგვარების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგი პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულებლად“, – განაცხადა ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა.
ჩეხმა ევროპარლამენტარმა, მარკეტკა გრეგოროვამ მელიას დაკავებას სამწუხარო მოვლენა და დემოკრატიული უკუსვლა უწოდა. მისი თქმით, პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდა არ არის ის გზა, რომელიც ევროპისკენ სვლას ეხმარება.
პარტია „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის“ პრეზიდენტმა, ჰანს ვან ბაალენმა განაცხადა – „ძალის გამოყენება, პოლიტიკური დაძაბულობის გამოწვევა და განსხვავებული აზრის ჩახშობა არ არის ის გამოსავალი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ.
დაუყონევლივ მოგიწოდებთ თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ. პოლიტიკური უთანხმოებები პარლამენტში უნდა მოგვარდეს და არა ოპოზიციის წარმომადგენლების სასტიკი და თვითნებული დაკავებების გზით.
მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას ოპოზიციასთან ერთად იმუშავოს ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად და ასევე მოვუწოდებთ, რომ ევროკავშირის ლიდერებს შეხვედრაზე მიმდინარე კვირას ანალოგიური ძლიერი გზავნილი გაკეთდეს“.
ევროპის სახალხო პარტიამ „ნიკა მელიას დაკავებას და უმსხვილესი ოპოზოციური პარტიის ოფისის შტურმით აღებას“ საქართველოს დემოკრატიაზე განხორციელებული თავდასხმა უწოდა. „ოპონენტების დევნა უნდა შეჩერდეს, დაუყონებლივი დე-ესკალაციაა საჭირო, ხოლო პოლიტიკური დიალოგი უნდა განახლდეს. გამოსავალი კი შესაძლოა ახალი დემოკრატიული არჩევნები გახდეს“, – განაცხადა პარტიამ.
ნატოს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ მელიას დაკავება „ძალიან შემაშფოთებელია“. მან ქვეყანას მოუწოდა არ გადაუხვიოს დემოკრატიული კურსიდან. „მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას იცავს“, – განაცხადა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა – „ძალიან სამწუხარო მოვლენები განვითარდა საქართველოში, სადაც ოპოზიციური პარტიის ოფისი დაარბიეს. ვიმედოვნებ, ცივი გონება გაიმარჯვებს და სიტუაციის დეესკალაცია მოხერხდება“. იმავდროულად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს „ძალიან სამწუხარო დღე“ უწოდა.
მაიკლ მაკფოლმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოსკოვში, განაცხადა, რომ აშშ-ის „რეალური ბერკეტი გააჩნია საქართველოში“, განსხვავებით რუსეთის, ჩინეთისა და ბელარუსისგან. „ახლა, სწორედ მისი გამოყენების დროა, სანამ ძალიან გვიან არ არის“, – განაცხადა მან. მაკფოლმა აღნიშნა, რომ მელიას დაკავება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მესამე საგარეო პოლიტიკური გამოცდაა, რუსეთში ნავალნის დაკავებისა და მიანმარის სამხედრო გადატრიალების შემდეგ. „ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვიყავი იქ 2009 წელს. მას შეუძლია გავლენის მოხდენა“, – დასძინა მან.
ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია საქართველოში არსებული დაძაბულობის გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ „უპასუხისმგებლობა“ იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის მიღწევების დაკარგვა. „ყველა ლიდერმა თავშეკავება უნდა გამოიჩინოს და სახელმწიფოს ინტერესებით იმოქმედოს“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის საელჩო: საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე
- ნატო იმედოვნებს, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს შეინარჩუნებს
- არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა მელიას დაკავებას გმობენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)