Site icon Civil.ge

მელიას დაკავების შემდეგ, პრემიერი „ჯანსაღ“ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი, ფოტო: თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვლის საღამოს ვიდეომიმართვაში „ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას“ პარლამენტში შესვლისა და საკანონმდებლო ორგანოს დისკუსიის პლატფორმად გამოყენებისკენ მოუწოდა.

„ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა ახლადარჩეულმა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განცხადებას წინ უძღოდა პოლიციის მიერ დილით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაცია და პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაკავება, რასაც ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ნაწილის შეშფოთება მოჰყვა.

პრემიერმა მელიას დაკავება და კანონის აღსრულება პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებისა და სამართლიანი ურთიერთობების აუცილებელ პირობად დაასახელა და აღნიშნა, რომ „ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა“, რაც მისივე თქმთ, მელიას დაკავებაზე ხალხის რეაქციამაც „დაადასტურა“.

მანვე ოპონენტებს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებისა და ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის ძალისხმევის გაერთიანების ინიციატივითაც მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ „დღეს არა დაყოფის“, არამედ სწორედ „გაერთიანების დროა“.

ხაზი გაუსვა რა პანდემიის ფონზე ქვეყანაში გართულებულ ეკონომიკურ სოციალურ მდგომარეობას, „სერიოზულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საგარეო პოლიტიკურ მიზნებს“, – ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა“.

გუშინ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის რანგში კანონმდებლების წინაშე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ვადამდელი არჩევნები კატეგორიულად გამორიცხა. ეს უკანასკნელი, „პოლიტიკური პატიმრების“ გამოშვებასთან ერთად ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებია, რომელთა შესრულებას მმართველი პარტია არ აპირებს. გუშინვე ღარიბაშვილმა ოპოზიცია „დესტრუქციულ“ ქმედებათა გამო გააკრიტიკა და ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართულ საბოტაჟში“ დაადანაშაულა.

დღეს დილით, მედიასთან ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე საუბრისას, ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს „კრიმინალი“ კიდევ ერთხელ უწოდა და თქვა, რომ კანონის აღსრულებას ყველა უნდა დაემორჩილოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)