Site icon Civil.ge

„დიალოგისკენ“ პრემიერის მოწოდებას ოპოზიციაში პასუხობენ

ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 23 თებერვალი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში „ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას“ პარლამენტში შესვლისა და საკანონმდებლო ორგანოს დისკუსიის პლატფორმად გამოყენებისკენ მოუწოდა.

მანვე დაამატა, რომ მმართველი გუნდი მზად არის „ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მელიას დაკავება და კანონის აღსრულება პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებისა და სამართლიანი ურთიერთობების აუცილებელი პირობა იყო.

„სამოქალაქო საქართველო“ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ოპოზიციის საპასუხო გამოხმაურებას გთავაზობთ.

ზაალ უდუმაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა და მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შესვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის – ახალი არჩევნები საქართველოში. აი, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღი, როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები“. 

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „მორიგი სიტყვების სროლაა. რომელი დიალოგის მომხრეა კაცი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ყველა, ვინც ოპონენტია უნდა განადგურდეს. აი, როდესაც ის აზრზე მოვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრებს, ეგ იქნება სხვა ამბავი. იქამდე ეგ სიტყვები არასერიოზულია“.

ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, მე როგორც წავიკითხე, საუბარი იყო, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ მელია და კმაყოფილები ვართ, ამავდროულად შემობრძანდით პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. აქ მე ვერ დავინახე, ვერანაირი ნიშანწყალი იმის, რომ მათ მართლა სურთ სიტუაციის ნორმალიზება“.

ზურა ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება: „ეს არის რუსული და კრიმინალური სამყაროს მიდგომა – მოდი, მე ჯერ ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ, დაგჩაგრავ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ. ეგეთი რამ არ გამოუვათ. პირობა არის, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩატარდეს ახალი არჩევნები“.

22 თებერვალს, პრემიერობის კანდიდატის რანგში საპარლამენტო მოსმენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციას სახელმწიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართულ საბოტაჟში“ დაადანაშაულა და ხელახალ არჩევნებზე რაიმე სახის დიალოგი „კატეგორიულად გამორიცხა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)