Site icon Civil.ge

ევროპარლამენტარები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს თაობაზე მიმართავენ

ბელგია, ბრიუსელი, ევროპარლამენტის შენობა. ფოტო: ევროპარლამენტი

ექვსმა ევროპარლამენტარმა 23 თებერვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მიმართა, ამ უკანასკნელის საქართველოში გამომგზავრებამდე. მათი მიმართვა ეხებოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ბოლოს დროს „სწრაფად უარესდება“. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს პარტიებს შორის დიალოგის დაუყონებლივ განახლება მოსთხოვოს, რასაც, მათი თქმით, ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნის თაობაზე კონკრეტული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება უნდა მოჰყვეს.

„სიჩქარე და კეთილი ნება, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა მრავალპარტიულ დიალოგში ჩაერთვება, აჩვენებს მათ ერთგულებას გაცხადებული ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ „დახურულ სივრცეში ცრემლსადენი გაზის გამოყენებით“ ნაციონალური მოძრაობის, ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, დაძაბულობამ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის „უკიდურესად სახიფათო დონეს მიაღწია“.

განცხადებას ხელს აწერენ: პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა), ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტი), მარკეტა გრეგოროვა (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი (კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი, პოლონეთი), ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, გერმანია) და მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია).

„ევროკავშირი ვერ უგულვებელჰყოფს არსებულ სიტუაციას, როდესაც ძალადობა, რევანშიზმი და ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკა დომინანტურ ტენდენციად იქცა“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა და დასძინეს, რომ პოლიტიკური კრიზისი ქმნის რისკს, რომ საქართველომ გადაუხვიოს რეფორმების კურსს, როგორც ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

დეპუტატების თქმით, პრეზიდენტმა მიშელმა „აქტიურად უნდა ჩართოს“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში, ვინაიდან მათ შეუძლიათ „მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა“ იქონიონ.

ამის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დაარწმუნოს ქართველი პარტნიორები, რომ ევროკავშირი „ურყევად უჭერს მხარს“ ქართველი ხალხის უსაფრთხო და აყვავებულ მომავალს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)