საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ხვალიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება, თუმცა ძალაში დარჩება კომენდანტის საათი.
თითქმის სამთვიანი აკრძალვის შემდეგ, 25 თებერვლიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე სამთო კურორტებზე გაიხსნება სასტუმროები, 8 მარტიდან კი – საბაგიროებიც ამოქმედდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
1 მარტიდან ბათუმში, 8 მარტიდან კი – საქართველოს სრული მასშტაბით რესტორნები სტუმრების მიღებას დახურულ სივრცეებშიც შეძლებენ. ძალაში რჩება შაბათ-კვირაზე დაწესებული შეზღუდვა. 8 მარტიდან შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობის უფლება ასევე ექნება ყველა სახის სავაჭრო ობიექტს.
ასევე სამთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, 1 მარტიდან გაიხსნება კერძო და საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
1 მარტიდან პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში აღდგება ლაბორატორიული სამუშაოები, ასევე შესაძლებელი გახდება გამოცდების არადისტანციურ რეჟიმში ჩატარება. 15 მარტიდან კი – სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდება.
აგრეთვე, სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ, 15 მარტიდან გაიხსნება სპორტდარბაზები; რეპეტიციები/ვარჯიშები განახლდება თეატრებში, სპორტული კლუბებსა და ანსამბლებშიც. სრულფასოვანი მუშაობის რეჟიმს კი – ისინი 1 აპრილიდან დაუბრუნდებიან.
ქვეყნის მასშტაბით, ორთვიანი მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბერს ამოქმედდა. მაშინ მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პირობა დადო, თუმცა 22 იანვარს, ხელისუფლებამ შეზღუდვების მხოლოდ ნაწილის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდანაც შემსუბუქდა.
ქვეყანაში ყველა შეზღუდვა, მათ შორის, კომენდანტის საათი ჯერ 1 თებერვალს უნდა მოხსნილიყო, შემდეგ კი – ვადამ 1 მარტამდე გადაიწია.
ასევე წაიკითხეთ:
- შეზღუდვების გახანგრძლივება თბილისში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს
- ფოტოამბავი: საპროტესტო აქცია შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)