Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დღეს ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტში მოუსმინეს, 22 თებერვალი, 2021, ფოტო: Facebook/ Georgian Parliament

საქართველოს პარლამენტმა 22 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის 11 წევრიან სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილი ხელისუფლებისა და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. მანვე ოპოზიციის „დესტრუქციული“ ნაწილი სახელმწიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართულ საბოტაჟში“ დაადანაშაულა და მათთან ხელახალ არჩევნებზე ნებისმიერი სახის დიალოგი „კატეგორიულად“ გამორიცხა.

პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის ხელახლა არჩევას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მათ განსხვავებულ მოსაზრებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის გამოხმაურება

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული ყველგან, სადაც ის დღემდე მოღვაწეობდა. ამას აქვს თავისი ძალიან მყარი და ლოგიკური საფუძველი – ეს არის განათლება და პროფესიონალიზმი, ეს არის პრინციპულობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონისა და ღირსების ფასი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს არის პატრიოტიზმი. ირაკლი ღარიბაშვილს უყვარს თავისი სამშობლო და თავისი ხალხი.  ეს ყველაფერი ქმნის მყარ რწმენას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი. როგორც უკვე აღვნიშნე, მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და სიმბოლურია, რომ 2024 წელს, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარადგენს საქართველოს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის პიროვნულ თვისებებზე აღარ ვილაპარაკებ…, დაწყებული 2011 წლიდან, როდესაც ის ჩაერთო უთანასწორო ბრძოლაში და სხვებთან ერთად, თავი გადადო თავისუფლებისათვის. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა. ამ თავდადებიდან დაწყებული, შემდეგ [მის მიერ] ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გაგრძელებული, გარკვეული პოზიტიური გამოცდილება უკვე არის იმის ბაზად და საწყისად, რომ თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ ჩვენ გვეყოლება წარმატებული მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ჩვენი პროგრამის განხორციელებაზე იღებს პასუხისმგებლობას, ჩვენთან ერთად“.

ოპოზიციის გამოხმაურება

თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ყველა პარტნიორი საუბრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დეესკალაცია. ღარიბაშვილის დანიშნვით, იმ უგუნური რიტორიკით, რაც მოვისმინეთ ამ ყეყეჩი ბატონისგან საპარლამენტო ტრიბუნიდან, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილს არ სურს მშვიდობიანი გზის არჩევა, არ სურს მოლაპარაკების გზის არჩევა. მას სურს ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება. მან [ივანიშვილმა] აირჩია სწორედ რადიკალი, შავრაზმელი ღარიბაშვილი იმისთვის, რომ უარი თქვას [ოპოზიციასთან] მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ მას,  საბოლოო ჯამში, მაინც მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ დაუშვებენ, რომ ძალადობრივად განვითარდეს ამ ქვეყანაში მოვლენები“.

გიგი უგულავა – ევროპული საქართველო: „ქვეყანა რომ კრიზისშია, იქიდან ჩანს, რომ ჩვენ მივიღეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაგნებაში არ არის საერთოდ ეკონომიკა როგორ მუშაობს, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ადამიანი, ვისაც ეკონომიკა ესმის და ვისი ნდობაც ინვესტორებს ექნებოდათ, რათა მოგვეზიდა ინვესტიციები და ამ კრიზისიდან გამოვსულიყავით. მთლიანად, ბოლომდე გაფორმდა „ქართუ ბანკისა“ და ბიძინა ივანიშვილის სამეზობლო-სამოყვრო მთავრობა“.

თაკო ჩარკვიანი – კანონი და სამართალი: „გამორიცხულია ქართული სახელმწიფოებრიობის დათმობა, რომ შევაკვდე ამ ატმოსფეროს, არაფრით დავტოვებ რუსეთზე გადასაბარებელ საქართველოს. მე გეუბნებით, რომ დღევანდელი პრემიერი, ეს არის რუსული თემა, ეს არის რუსეთზე მომუშავე კაცი“.

This post is also available in: Русский (რუსული)