წინა სტატიაში ვწერდით, რომ თბილისის მიერ წარმოებულმა თავკერძა საგარეო პოლიტიკამ საკუთარი თავი ამოწურა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩიხში შედის. საჭიროა საგარეო-პოლიტიკური ხედვებისა და მიდგომების განახლება, რომ ახალ მოვლენებსა და გამოწვევებს საქართველომ ფეხი უკეთ აუწყოს. ქვემოთ ამ თემაზე რამდენიმე მოსაზრებას გთავაზობთ.
განახლებული დღის წესრიგის საყრდენ თემებად შეიძლება იქცეს:
- გლობალურად – ადამიანის უფლებების დაცვა;
- რეგიონულ დონეზე – საქართველოს უსაფრთხოების დიალოგის პლატფორმად დამკვიდრება;
- თემატურად – უსაფრთხოებისათვის ახალი საფრთხეების შესწავლა;
- ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით – ახალი ტექნოლოგიების წახალისება.
თითქმის ყველა ეს თემა ორგანულად ებმის ოკუპაციის საკვანძო პრობლემას და ამავე დროს, სტრატეგიული მოკავშირეებისა და ევროპულ დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის მხრიდან ღირსეული წვლილის შეტანასაც გულისხმობს.
რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტი
საგარეო-პოლიტიკური მიდგომების განსაახლებლად საჭიროა საქართველო წარმოვიდგინოთ არა ამ პოლიტიკის ობიექტად, არამედ ქმედით სუბიექტად. ამ კუთხიდან უკეთ გამოჩნდება, თუ რა შედარებითი უპირატესობები გააჩნია ქვეყანას და რით შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს.
ბოლო ხანებში, საქართველოს სამეზობლოში არსებული მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განახლებულ კონფლიქტს სომხეთ-აზერბაიჯანის წინააღმდეგობრივი დაზავება და რეგიონში უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება მოჰყვა. პრობლემები საბოლოოდ მოგვარებული არაა და მათ გადაწყვეტას ჯერ კიდევ მრავალი შეხვედრა და დიალოგის გაღრმავება დასჭირდება. უსაფრთხოების ახალი კონტექსტი გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკურ და სატრანზიტო კორიდორების ინფრასტრუქტურაზეც, ეს კი ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია.
უკანასკნელ ათწლეულში რეგიონისადმი აშშ-სა და ევროკავშირის ყურადღება მოდუნდა, მათი მხრიდან ვითარების ანალიზის წყაროები კი – შემცირდა. გამოთავისუფლებული უსაფრთხოების სივრცე გარკვეულწილად შეავსო თურქეთმა, რომელიც გარკვეულ საკითხებში კონკურენციაში შევიდა ტრადიციული მოკავშირეების – აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს ინტერესებთან. რეგიონში ცვლილებები არც თეირანს გამორჩენია, რომელიც ახალ კონტექსტში საკუთარი როლის მოძიებას უკვე შეუდგა.
ალექსეი ნავალნის მოწამვლამ და რუსეთში დაბრუნების შემდეგ დაპატიმრებამ გააჩინა რუსეთის ევროპიდან შეუქცევადი გაყრის შეგრძნება. ამას მოყოლილმა საყოველთაო დემონსტრაციებმა კი კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ რუსეთში პოლიტიკური არასტაბილურობის შესაძლებლობა არსებობს. ბელარუსში გაშლილმა საპროტესტო მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მკაცრად ავტორიტარული რეჟიმების წიაღშიც კი არსებობს ცვლილების პოტენციალი, რომლის შესახებაც რეგიონის მიღმა მდგომ ქვეყნებს ინფორმაციის შეგროვება უჭირთ.
გეოგრაფიული და კულტურული ფაქტორების ერთობლიობა აძლევს საქართველოს საშუალებას, ყველა ამ პრობლემის შესწავლის, მათზე დიალოგის შესახებ პლატფორმად იქცეს.
პანდემიის შტორმის ქვეშ მყოფი დასავლეთის დემოკრატიები საკუთარი ეკონომიკების ჩამოშლის შეჩერებას ცდილობენ და იმ გამოწვევებისთვის ემზადებიან, რომელთაც პანდემიის შემდგომ უნდა იჩინოს თავი. ეკონომიკური წინსვლის ერთადერთ საშუალებად ტექნოლოგიური ნახტომი ისახება, რასაც თავისი ეთიკური და პოლიტიკური პრობლემები მოსდევს, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტისა და ტელეკომუნიკაციების დარგში. ეს თემები შესაძლოა კარგად გადაეჯაჭვოს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.
გლობალური დღის წესრიგი – ადამიანის უფლებები
საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს დასავლეთის იმ დემოკრატიებს შორის, სადაც კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა შეუქცევადად შემდგარი პროცესია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებების მხრივ, საქართველოს კავკასიის რეგიონში საუკეთესო მდგომარეობა აქვს. ამ მდგომარეობას გაფრთხილება და უფრო მყარ საგარეო-პოლიტიკურ კაპიტალად გარდასახვა სჭირდება.
ამის ფონზე, ადამიანის უფლებების მიღწევების შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად, საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ ამ მონაპოვარს დაცვა და წახალისება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით სჭირდება, არამედ სამეზობლოშიც. აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმემ ნათლად აჩვენა, რომ მაშინაც კი, როცა მეზობელთან სტრატეგიული პარტნიორობა გაქვს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები ერთი ქვეყნით არ შემოიფარგლება. ადამიანის უფლებების დაცვაში პოლიტიკურ ინვესტიციას ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლებრივის გარდა, მკაფიო საგარეო-პოლიტიკური განზომილებაც გააჩნია.
სამეზობლოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერით, საქართველო გარე დამცავ რკალს შემოარტყამს საკუთარ დემოკრატიულ მონაპოვარს და უკეთ უზრუნველყოფს მის გრძელვადიან შენარჩუნებას. მეორე მხრივ, რეგიონში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ხმის ამაღლებით საქართველო საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს ევროკავშირისა და ნატოს მიდგომებს დაუახლოვებს. შედეგად, საქართველოს ხმა რეგიონში მეტ პოლიტიკურ და მორალურ ღირებულებას შეიძენს.
ამგვარად დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალის კონვერტაცია უფრო ადვილად შეიძლება მოხერხდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლე ადამიანების უკეთ დასაცავად და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ამას გარდა, სამეზობლოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ლობირება საშუალებას იძლევა, საქმიანი კონტაქტები დაამყარო ამა თუ იმ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, ოპოზიციისა თუ მასმედიის წარმომადგენლებთან. ერთ მშვენიერ დღეს კი, ეს კონტაქტები შესაძლებელია ხელისუფლებაში ან ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის რადიუსში აღმოჩდნენ, როგორც ეს 2018 წელს სომხეთში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა. რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანის უფლებათა პოლიტიკის გააქტიურება საქართველოს საშუალებას მისცემდა, პირადი და საზოგადოებრივი კონტაქტები გაეღრმავებინა მომავლის პოლიტიკურ ელიტასთან. ამ კავშირების შედეგად დაგროვილი ცოდნა კი ჩვენს პარტნიორებს შეიძლება გამოადგეს. იმავეს თქმა – და უფრო თამამადაც – შესაძლებელია ბელარუსზეც.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებების განზომილება ის საგარეო-პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნებს ნაკლებად აქვთ ან საერთოდ არ აქვთ საკუთარ დიპლომატიურ არსენალში, ამიტომ, საქართველოს რეალურად გააჩნია ამ მხრივ შედარებითი უპირატესობა.
საქართველო – რეგიონული შეხვედრების ცენტრი
ადამიანის უფლებების გარდა, საქართველო რეგიონში გამორჩეულ ადგილს იკავებს უსაფრთხოებისა და საგარეო-პოლიტიკური გამოწვევების მხრივ დაგროვილი ინსტიტუციური მეხსიერებით. შორს, რომ არ წავიდეთ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორც რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესია, ისე ჰიბრიდული ომის წარმოების არაერთი შემოტევა, ჰუმანიტარული კრიზისები, ნახევრად ტერორისტული ანკლავებისა თუ ტერორისტული სატრანზიტო კორიდორების შექმნის მცდელობები. საქართველოს დღემდე უწევს თანაარსებობა მიმდინარე სამხედრო ოკუპაციასთან და მისით გამოწვეულ სამხედრო თავგადასავლებთან. მდიდარ წარსულსა და მრავალფეროვან აწმყოს ბოლო წლებში სატრანსპორტო, სამასპინძლო და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაც წამოეწია.
ინსტიტუციურ მეხსიერებას გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორიული გამოცდილება ამყარებს და ავსებს, რომლის პრაქტიკულ გამოცდილებაში უნდა გარდაისახოს. რუსეთის, თურქეთის და ირანის მეზობლობა საქართველოს პოტენციურად ამ რეგიონში კვლევისა და ტენდენციების ანალიზის ცენტრად აქცევს. ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება კი დისკუსიების ნეიტრალურ პლატფორმად ქვეყნის წარმოჩენის გზით შეიძლება.
საგულისხმო მაგალითია მუდმივმოქმედი რეგიონული დისკუსიების, ფორუმებისა თუ კონფერენციების პრაქტიკა, როგორიც არის, თუნდაც რიგის საერთაშორისო კონფერენცია, ლიეტუვის „Snow meeting“-ი (ტრაკაის ზამთრის კონფერენცია), ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმი და სხვანი. ბათუმის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ გაკვალული, გზა გასაღრმავებელია – ცალკეული ღონისძიებიდან ის ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური პოზიციონირების ერთ-ერთ საყრდენად უნდა იქცეს.
რეგიონის ქვეყნებისათვის საქართველოც უფრო ახლოსაა – გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, კულტურულად – ვიდრე მოსკოვი, ასტანა, ჟენევა, ბრიუსელი, თუ ვაშინგტონი და, ამასთან, დისკუსიებისათვის საქართველოში ჩამოსვლა პოლიტიკურად ბევრად უფრო ნეიტრალური აქტია, ვიდრე თითოეულ ამ დედაქალაქში ვიზიტი. რეგულარული დიალოგის/დისკუსიის ფორმატები თავისთავად შეუწყობს ხელს მოთხოვნის შექმნას რეგიონის ენებზე მოსაუბრე კადრების აღზრდაზე, ხოლო ადგილობრივ კვლევით და საუნივერსიტეტო ცენტრებს სერიოზულ ბაზას შეუქმნის საერთაშორისო ასპარეზზე მოთხოვნადი კვლევების საწარმოებლად.
ახალი საფრთხეების ანალიზის ცენტრი
მიმდინარე სამხედრო ოკუპაციასა და მისით გამოწვეულ საფრთხეები ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება ქართული საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილად, თუმცა, ტრადიციული, კონვენციური სამხედრო საფრთხეები სიმძაფრესა და აქტუალობას კარგავს.
საქართველოს მსხვილი და მცირე პარტნიორებიც ბოლო დროს მთავარ აქცენტს აკეთებენ ჰიბრიდული ომის წარმოების ისეთ საფრთხეებზე, როგორებიცაა – დეზინფორმაციული და ცრუ ინფორმაციის კამპანიები, კიბერთავდასხმები, შეკვეთილი მკვლელობები, კორუფციის, ინდეფერენტულობისა და შეუწყნარებლობის წახალისების ორგანიზებული მცდელობები.
მსოფლიოშიც და სამეზობლოშიც შეიცვალა ტრადიციული ომის წარმოების საშუალებები და მეთოდები, მოწინააღმდეგემ კარგად აითვისა ჩრდილიდან თავდასხმის ტაქტიკა, ის კონვენციური სამხედრო საშუალებების ნაცვლად, სულ უფრო მეტად იყენებს ახალ მიდგომებს, რათა განხეთქილება, უთანხმოება და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ასევე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მოწინააღმდეგე ცდილობს, გააღვივოს გაურკვევლობა, გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ საარჩევნო პროცესზე, მწყობრიდან გამოიყვანოს ფინანსური, ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საბოლოო ჯამში კი, საფრთხე შეუქმნას ცხოვრების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ამ ახალი ჰიბრიდული ტაქტიკების დიდი ნაწილი საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, უფრო მეტიც ჰიბრიდული ომის წარმოების ზოგიერთმა ოპერაციამ წარმატებული გამოცდა სწორედ საქართველოში გაიარა და მხოლოდ შემდგომ ჰპოვა გავრცელება დასავლეთში.
ეს შედარებით ახალი ტაქტიკები მომავალში კიდევ უფრო დახვეწილი, მოქნილი და მეტად მნიშვნელოვანი იარაღი გახდება მტრის საბრძოლო არსენალში, რასაც არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ მზარდი საგარეო-პოლიტიკური ყურადღების მიქცევა დაჭირდება.
საქართველომ აქტიურად და წინსწრებად უნდა ისაუბროს ზოგადად ამ ახალ საფრთხეებზე და არა მხოლოდ საკუთარ თავს გადამხდარ შეტევებზე.
ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები უკვე მოარგეს ჰიბრიდული ომისწარმოების ახალ საფრთხეებს.
ამ ახალი ტიპის საფრთხეების ირგვლივ როგორც დიპლომატიური პირის აპარატის, ისე საგარეო-პოლიტიკის სტრატეგიის მორგება და გადაწყობა ფაქტობრივად გარდაუვალი პროცესია საქართველოსთვისაც, რადგან მომავალში საქართველოს ძირითადად სწორედ ამ ახალი ტიპის საფრთხეების მოგერიება მოუწევს, როგორც პოლიტიკურად, ისე ტექნოლოგიურად.
სამეცნიერო გარღვევები, ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები
მთიან ყარაბაღში განახლებულმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ჩვენს ტექნოლოგიურად არც თუ წინწასულ რეგიონშიც კი, ახალ ტექნოლოგიების გამოყენებასა და ინოვაციებს სულ უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო ამოცანების მიღწევას რეგიონის მხოლოდ ის სახელმწიფოები შეძლებენ, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს ყველაზე ადრე და უკეთ აუწყობენ ფეხს. საქართველოსათვის, როგორც რეგიონული კომუნიკაციების ერთ-ერთი კორიდორისათვის, ამ ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი საზიანო შედეგებისაგან თავდაცვის თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ყველა ზემოხსენებული მაგალითი მოწმობს, რომ საქართველომ რაც არ უნდა დიდ წარმატებებს მიაღწიოს გასტრონომიულ, ალკოჰოლურ თუ სასოფლო-სამეურნეო ასპარეზზე, მაღალი ტექნოლოგიების, ინოვაციებსა და სამეცნიერო მიღწევებზე წვდომის გარეშე რეგიონში საერთაშორისო პოზიციების შემდგომი დაკარგვა უბრალოდ გარდაუვალი იქნება.
ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დიდი ბაზები (“Big data”), ბლოკჩეინი, კვანტური გამოთვლა, Internet of Things, 5G ტექნოლოგიები, დისტანციური, უპილოტო მართვის სისტემები და მათთან დაკავშირებული ეთიკური თუ პოლიტიკური დილემები სულ უფრო მეტად უნდა ექცეოდეს საგარეო პოლიტიკის ლექსიკონში.
ამ ყველაფერმა დღეს შეიძლება ვინმეს ღიმილი მოჰგვაროს, თუმცა მომავლის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს მხოლოდ შქმერულითა და ხინკლით აღჭურვილები რომ არ შევხვდეთ, ეს აუცილებელი იქნება.
სამეცნიერო გარღვევების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საგარეო პოლიტიკის ფოკუსში მოქცევა არც ისე იოლი ამოცანა იქნება და ამას დროც დაჭირდება, რადგან ამ თემებზე მუშაობის გამოცდილება და ექსპერტიზა ქართულ საგარეო პოლიტიკას არ გააჩნია, თუმცა ისევე, როგორც სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში, დიალოგის პლატფორმების შეთავაზება საშუალებას მოგვცემს რეალურ პრობლემებთან შეხებაში გამოვზარდოთ ადგილობრივი კადრები.
დასკვნის მაგივრად
ყველა ზემოხსენებული კომპონენტის ინტეგრირება უფრო ცოცხალს, თანამედროვეს და კონკურენტუნარიანს გახდის საქართველოს საგარეო პოლიტიკას, ასევე მეტად ჩააყენებს მას ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოდერნიზების სამსახურში.
საგარეო პოლიტიკის განახლებას დიპლომატების მიდგომების განახლებაც უნდა სდევდეს თან. ჭიქა ვისკის ვირტუოზული ფლობისა და დიდგული საუბრის თაობას ამ მისიისთვის თავის გართმევა გაუჭირდება, მითუმეტეს, როცა აღარც ვისკი შემორჩა ჭიქაში და აღარც დიდგულობას აქვს დიდი გასავალი…
This post is also available in: English (ინგლისური)