Site icon Civil.ge

საქართველო საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლისთავს აღნიშნავს

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა ნახევრად დაეშვა, 25 თებერვალი, 2021, ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

წითელი არმიის მიერ საქართველოს დედაქალაქის აღებისა და საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით 25 თებერვალს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს პრმიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად 1921 წლის თებერვალში თბილისის დაცვისას მოკლული იუნკერების საფლავი გვირგვინით შეამკო.

„ჩვენმა გმირებმა, მათ შორის, იუნკერებმა, გაწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამიტომ, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით არის ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე… ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის გაერთიანება“, – თქვა პრემიერმა.

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2010 წელს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად, ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიების ორგანიზება დაევალა.

საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით შემოიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ის 9 თვით ადრე აღიარა. თბილისის გარშემო რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, წითელი არმია დედაქალაში 25 თებერვალს შემოვიდა და ამ დღეს დაიწყო საქართველოს 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. ქართველების წინააღმდეგობა კიდევ ხუთ კვირას გაგრძელდა. მთავრობა ჯერ ქუთაისში გადავიდა, შემდეგ ბათუმში, საიდანაც 1921 წლის 17 მარტს საფრანგეთში გაიხიზნენ.

ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)