Site icon Civil.ge

პრეზიდენტი ზურაბიშვილი: „საქართველო არ შეეგუა ოკუპაციას“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუნკერების მემორიალთან, 25 თებერვალი, 2021, ფოტო: President.Gov.Ge

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის თბილისში შემოსვლის შემდეგ, საქართველოსთვის „70 წლიანი მონობის ბნელი პერიოდი“ დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არასოდეს შეუწყვეტია სამართლებრივი არსებობა, არ უღიარებია საბჭოთა ძალაუფლება“. მან გაიხსენა დემოკრატიული საქართველოს ხელმძღვანელობის ძალისხმევა, რომელმაც „სუვერენობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სამართლებრივ დონეზე გააგრძელა – ამერიკის კონგრესის მოსმენებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში და ევროპული ქვეყნების მთავრობებთან“.

„გლოვასაც თავისი დრო აქვს. ალბათ, მოვიდა დრო, რომ გლოვა დავასრულოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული დარჩა ამ 70 წლის ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ კი გვჯერა, რომ მივაღწევთ ჩვენს მიზანს – ქვეყნის გამთლიანებას და გაერთიანებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

აღნიშნა რა, რომ დამოუკიდებელი საქართველო 1991 წლის აპრილში აღდგა, როგორც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე“. „ეს არის გამარჯვება არა მხოლოდ მტერზე, არამედ დროსა და ისტორიაზე, ტრაგედიასა და უსამართლობაზე“, – განაცხადა მან.

ხაზი გაუსვა რა, რომ საქართველო არასდროს დანებდა ოკუპაციას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „შეუპოვრობა ჩვენი ერის უკვდავებისა და გამძლეობის გენეტიკური ნიშანია“.

„იმთავითვე, ოკუპაციის შემდგომ წლებში – 1922, 23, 24 წლებში, საქართველოს ყველა კუთხეში ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობდა მანამდე, სანამ სასტიკმა ტოტალიტარულმა მანქანამ ერის ხმა არ ჩაახშო, თუმცა დროებით. 1956, 1978, 1989 წლები ეროვნული ენერგიის გაღვიძების თარიღებია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ „საკუთარი იდენტობა და მეობა კულტურის დაცვასა და განვითარებაში გადაიტანა“.

„ამ წლების თავისუფალი სული ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძისა თუ ქეთევან მაღალაშვილის ტილოებშია, ევგენი მიქელაძის მუსიკაში, პეტრე ოცხელის შემოქმედებაში, გალაკტიონისა თუ პაოლოს პოეზიაში, სწორედ ისინი არიან დამოუკიდებლობის სულის გამგრძელებლები და ეროვნული სულისკვეთების გადამრჩენელები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამ კონტექსტში, მან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზეც ისაუბრა.

„ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი დღევანდელი ტრაგედიაა, თუმცა ქვეყანა დამოუკიდებელია, სუვერენულია და მყარად დგას განვითარების გზაზე! ეს არის ჩვენი გამარჯვება! გამარჯვებაა ისიც, რომ კონფლიქტებისა და ომის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროპისკენ, გზას დემოკრატიის მშენებლობისკენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, 25 თებერვალი უნდა იქცეს იმ დღედ, როცა „გავიხსენებთ, როგორ იმარჯვებს სიმართლე და ღირსება, როგორ შეიძლება პატარა ერი გამარჯვებული გამოვიდეს დიდ იმპერიასთან ჭიდილიდან, როგორ შეუძლია ქვეყანას თავის ტრადიციებსა და იდენტობაზე დაყრდნობით დაისახოს მომავალი და მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც თუნდაც 30 წლის წინ წარმოუდგენელი იყო – ევროპის ასოცირებულ წევრობას და ნატო-ს პარტნიორობას“.

იგი მემორიალური კომპლექსის დაარსების ინიციატივით გამოვიდა, რათა „მივაგოთ პატივი მათ, ვინც ამ 100 წლის განმავლობაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. შევქმნათ მემორიალი, რომელიც ასახავს ამ უწყვეტი ბრძოლის ისტორიას, მის ფურცლებს, მისი გმირების ღვაწლს – ყველასი: 1921 წლის მებრძოლების, აჯანყებების მონაწილეების, რეპრესირებული ადამიანების, რომლებიც სასტიკად იდევნებოდნენ, მეორე მსოფლიო ომის მეომრების, 1956 წლის სტუდენტების, 9 აპრილის მსხვერპლთა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში და 2008 წლის ომში დაღუპულების, – ყველასი, ვინც იბრძოდა ერთიანი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსთვის“.

საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით შემოიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ის 9 თვით ადრე აღიარა. თბილისის გარშემო რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, წითელი არმია დედაქალაში 25 თებერვალს შემოვიდა და ამ დღეს დაიწყო საქართველოს 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. ქართველების წინააღმდეგობა კიდევ ხუთ კვირას გაგრძელდა. მთავრობა ჯერ ქუთაისში გადავიდა, შემდეგ ბათუმში, საიდანაც 1921 წლის 17 მარტს საფრანგეთში გაიხიზნენ. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)