Site icon Civil.ge

თბილისის მერი დიალოგისა და ურთიერთკომპრომისის საჭიროებაზე საუბრობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც ამავდროულად ქართული ოცნების გენერალური მდივანიცააა, დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი და ურთიერთკომპრომისია საჭირო.

„დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა თბილისის მერმა, განსახვავებით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისა, რომელმაც ახალი არჩევნების დანიშვნაზე რაიმე ტიპის დიალოგი „კატეგორიულად“ გამორიცხა და ოპოზიციას დისკუსიის მთავარ პლატფორმად პარლამენტის გამოყენებისკენ მოუწოდა.

„თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავსხედით, როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, შეუძლებელია ასე დისტანციურად და ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს“, – განაცხადა თბილისის მერმა და დასძინა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოს განვითარებასა და მომავალს აზიანებს.

ქართული მედია თბილისის მერის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ მმართველი გუნდის მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო გამოხმაურებებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე.

„ეს ადამიანები ქვეყნის მხარდამჭერები არიან და ისინი ელიან, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან საუბარს მოახერხებენ“, – ხაზი გაუსვა კალაძემ. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)