Site icon Civil.ge

პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მზადაა შუამავლობისთვის

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, 22 თებერვალი, 2021, ფოტო: Twitter/ Gitanas Nausėda

პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 25 თებერვალს განაცხადა, რომ ლიეტუვა მზადაა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი შეასრულოს, რათა მხარეებმა დიალოგი გამართონ და კონსენსუსს მიაღწიონ.

აღნიშნა რა, რომ „საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ ბევრი წუხილი გამოიწვია“, პრეზიდენტმა ნაუსედამ განაცხადა, რომ „ლიეტუვა განაგრძობს საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერას“ და დაეხმარება ყველა ძალისხმევას არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

მისი თქმით, „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციური მიზნები“ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან კონსტრუქციულ დიალოგს მოითხოვს.

მან საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობაც გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ მის ქვეყანას ესმის „ის უზარმაზარი ტკივილი, რაც ოკუპაციებმა და რეპრესიებმა მოიტანა“.

ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვილნიუსი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გადაწყვეტილებას „შეეწინააღმდეგოს რუსულ ოკუპაციას, რომელიც დღესაც გრძელდება“. მისი თქმით, ლიეტუვა „მტკიცედ უჭერს მხარს“ საქართველოს მისწრაფებებს, რომ გახდეს ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)