საქართველოს საპატრიარქომ 25 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლის, ბესარიონ აპლიას მიმართვა მოსკოვის საპატრიარქოსადმი სტატუსის განსაზღვრის თაობაზე.
განცხადების თანახმად, ბესარიონ აპლიამ, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერაა ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, „უხეშად დაამახინჯა“ აფხაზეთში საეკლესიო ისტორიის საკითხები, როდესაც განაცხადა, რომ „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია“ არასდროს ყოფილა ქართული ეკლესიის ნაწილი.
საპატრიარქომ შეახსენა აპლიას, რომ „აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ნაწილია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკლესიურად“, ხოლო წირვა-ლოცვებს რეგიონში ყოველთვის ქართულ ენაზე აღასრულებდნენ.
„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ აფხაზეთში ყველა ეკლესიის მსახურება ჩერდება, სანამ ეკლესიის სტატუსს მოსკოვი არ განსაზღვრავს.
„ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოს ეკლესიის ნაწილი, არასდროს ვყოფილვართ ქართული ეკლესიის ნაწილი და არც ვიქნებით“, – განუცხადა ბესარიონ აპლიამ აფხაზურ ტელეკომპანიას.
აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმი-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი, თუმცა 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ, თბილისი ამ ტერიტორიაზე საეკლესიო კონტროლს ვერ ახორციელებს.
აფხაზეთზე ფაქტობრივი საეკლესიო კონტროლი „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა“ და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას“ აქვთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)