ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 28 თებერვალს კიშინიოვიდან თბილისში ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.
1 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდება, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიჩელი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება და საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.
მის ჩამოსვლამდე მინისტრმა ზალკალიანმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ნათლად ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს, როგორც რეგიონში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის გვერდით დგას. მან რეგიონული გამოწვევების დროს ვიზიტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
მინისტრის თქმით, შეხვედრებზე მხარეები სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე, ასევე კოვიდ-19-ის პანდემიის შეკავებისა და ვაქცინებზე წვდომის საქმეში ევროკავშირის მხარდაჭერაზე ისაუბრებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ გაღრმავებული კრიზისის ფონზე მას შემდეგ იმართება, რაც პოლიციამ 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.
თბილისიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 2 მარტს უკრაინაში გაემგზავრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)