ოკუპირებული აფხაზეთის „საკონსტიტუციო სასამართლოს“ თავმჯდომარედ 1 მარტს, სამწლიანი ვადით, მოსამართლე ლუდმილა ხოჯაშვილი აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ნური ტანია შეცვალა.
მანამდე ხოჯაშვილი „სასამართლოს“ თავმჯდომარის მოადგილედ მსახურობდა. 2005-2011 წლებში, იგი ოკუპირებული რეგიონის „იუსტიციის“ მინისტრი იყო.
აფხაზეთის „საკონსტიტუციო სასამართლო“ ხუთი მოსამართლისგან შედგება. ესენი არიან: ნური ტანია, რაულ პანტია, დიანა ფილია, ლუდმილა ხოჯაშვილი და ალისა ბიგვავა. მათ აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანო“ აფხაზეთის „პრეზიდენტის“ წარდგინებით 15-წლიანი ვადით ირჩევს.
იმავე დღეს, დიანა ფილია „სასამართლოს“ თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ნური ტანია – „სასამართლოს“ მდივნად.
ხოჯაშვილმა 1986 წელს თურქმენეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1973-1980 წლებში, იგი აშხაბადის რეგიონულ სასამართლოში მდივნად მუშაობდა. შემდეგ მას თურქმენეთის უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 1995 წელს აფხაზეთში გადასვლამდე, იგი აშხაბადის ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოში რვა წლის განმავლობაში მოსამართლედ მსახურობდა. 1995-2005 წლებში, ხოჯაშვილს ოკუპირებული აფხაზეთის „იუსტიციის მინისტრის“ მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ოკუპირებული რეგიონის „საკონსტიტუციო სასამართლო“ 2016 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა, ხოლო 2018 წლის თებერვლიდან სრულად ამოქმედდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)