ოკუპირებული აფხაზეთის ომბუდსმენმა, ასიდა შაკრილმა 2 მარტს რეგიონის ლიდერს ასლან ბჟანიას მიმართა და ენგურის გამშვებ პუნქტზე არსებული შეზღუდვების გადახედვისკენ მოუწოდა.
შაკრილმა განაცხადა, რომ გამყოფი ზოლის ორივე მხარეს გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გახანგრძლივება რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების „დისკრიმინაციად“ შეიძლება ჩაითვალოს. მანვე დასძინა, რომ გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები კვლავ შეზღუდული რჩება.
მან აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები „პროპორციული და ადეკვატური“ უნდა იყოს და გაიხსენა, რომ სოხუმის ხელისუფლებამ რუსეთისთვის უკვე გახსნა რეგიონი გასული წლის აგვისტოდან.
ომბუდსმენის თქმით, გამშვები პუნქტის ჩაკეტვა სირთულეებს უქმნის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობენ ან ჩაბარება სურთ, აგრეთვე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, რომლებიც საქართველოს საავადმყოფოებში მკურნალობენ და მუდმივად უწევთ დანარჩენ საქართველოში გადასვლა. შაკრილის თქმით, ასევე ზარალდებიან სოციალური დახმარების მიმღები პირები.
ომბუდსმენის განცხადებით, ამის შედეგად, სულ უფრო გახშირდა „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ შემთხვევები, რომელთა რაოდენობამაც 4 000-ს მიაღწია. მისივე თქმით, 4 800 რუბლიდან 6 000 რუბლამდე „ადმინისტრაციული ჯარიმა“ მათ დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვებათ.
ომბუდსმენის წერილს წინ სოხუმის მიერ თებერვლის დასაწყისში შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა უძღვოდა, რომლითაც რეგიონის მკვიდრთა გარკვეულ ჯგუფს, მათ შორის, მოხუცებს, პენსიონერებსა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის და უკან დაბრუნების უფლება მიეცათ.
კორონავირუსის პანდემიის საბაბით აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის გამშვები პუნქტი 2020 წლის თებერვლის ბოლოს ჩაკეტა. მას შემდეგ, სოხუმმა დანარჩენ საქართველოსთან ჰუმანიტარული დერეფანი ხუთჯერ გახსნა, რითაც 4 711 პირმა ისარგებლა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)