საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ენერგომოხმარებაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ყოველ წელს ქვეყანაში მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს.
მთავრობის სხდომაზე საუბრისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჰესები საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მოსახლეობას უშუალოდ უნდა ესაუბროს და მათ ჰესების პროექტების სიკეთეები აუხსნას.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილას ჩასვლა და მოსახლეობის „წუხილების“ მოსმენა დაავალა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნაწილი უკვე 130 დღეზე მეტია, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანში, ჰესის მშენებლობის სიახლოვეს, კარვებში მორიგეობს, რათა მშენებლობის პროცესს ხელი შეუშალოს.
სააგენტო „ქუთაისი პოსტთან“ საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათი მხრიდან „მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ნამახვანჰესთან მიმართებით აქტივისტების პოზიცია უკომპრომისოა.
„უნდა შევთანხმდეთ დიალოგის ფორმატზე, სადაც სხვა ადამიანებიც ჩაერთვებიან და თუ იქნება მინი ჰესის პროექტი, სადაც ბუნებაც არ დაზიანდება და ჩვენს ინტერესსაც გაითვალისწინებენ, ამაზე საუბარი შეიძლება“, – განაცხადა გოლეთიანმა.
წუხილები ნამახვანჰესის გარშემო
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი რიგ წუხილებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ადგილობრივებთან სათანადო კომუნიკაციის ნაკლებობა ჰესის სადავო მშენებლობის საქმეში მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის.
სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის დადებულ კონტრაქტზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გუშინ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ კომპანიისთვის მიცემული არაერთი გარანტია „მძიმე“ ტვირთი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მაშინ, როდესაც თავად კომპანია ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე რეალიზების ვალდებულებას არ იღებს. ორგანიზაციის თქმით, ყოველივე ეს „აბათილებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებს“.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ხეობაში სამუშაოები საკმარისი კვლევისა და რისკების სათანადო შეფასების გარეშე დაიწყეს, მათ შორის, შესაბამისად არ შესწავლილა სეისმური რისკები. ისინი შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ახლომდებარე სოფლებს, ასევე იქ არსებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას დატბორავს და შეიცვლება მიკროკლიმატი, რომელიც ყურძნის გარკვეული სახეობების მოსაყვანად და მათგან განთქმული ქართული ღვინოების, მათ შორის, ტვიშის დასამზადებლად არის საჭირო.
პროექტის შესახებ
საქართველოს მთავრობამ თურქული კომპანია „ენკას“ და ნორვეგიულ ჯგუფ „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ იმერეთსა და ლეჩხუმში „ნამახვანი ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და მართვის უფლება 2019 წელს მიანიჭა.
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.
ასევე წაიკითხეთ:
- ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა
- ნამახვანში ჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
- აქციის დაშლის მიუხედავად, პროტესტი ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ გრძელდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)