ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 5 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 98-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ერგნეთის შეხვედრების ფასილიტატორია, განაცხადა, რომ თბილისისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა „კონსტრუქციულ გარემოში“ რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი, ჩორჩანა-წნენილის მიდამოებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, პანდემიის გამოწვევები და მოქალაქეთა დაკავებების შემთხვევები.
შეხვედრის ფასილიტატორებმა – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერმა „კიდევ ერთხელ გამოხატეს სერიოზული შეშფოთება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების გაღრმავების თაობაზე, რაც კოვიდ-19-ის პანდემიის უარყოფითი ზემოქმედებით და გამშვები პუნქტების ჩაკეტვითაა გამოწვეული“.
შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისმა „მკაცრად“ მოითხოვა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების: ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან „უპირობოდ გათავისუფლება“. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხიც განიხილეს.
- ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 12.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ოსური მედიის ცნობით, შეხვედრაზე ცხინვალის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ქართველმა პოლიციელებმა ცოტა ხნის წინ, „სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს“. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ასეთი „დარღვევები“ გაგრძელდება, ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება „სათანადო რეაგირება მოახდენს“.
ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს დაიგეგმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ერგნეთში IPRM-ის 97-ე შეხვედრა გაიმართა
- ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს სტუმრობდნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)