Site icon Civil.ge

ფარული ჩანაწერები: ბერა ივანიშვილი პირად შურისძიებას სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს ავალებს?

„ტელეკომპანია პირველმა“ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, ფოტო: კადრი „ტელეკომპანია პირველის“ ვიდეოდან

„ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლებშიც ისმის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

ტელეკომპანიამ სხვა ფარული აუდიო ჩანაწერებიც გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.

ფარული ჩანაწერის სავარაუდო თარიღი

„ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები, დაახლოებით 2017 წლით თარიღდება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს, გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ჩანაწერები 2010 წელს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშილის მოსვლამდეა გაკეთებული, საიდანაც ერთ-ერთი „წითელი“ ტელევიზიის მიერ „ამოკრებილია ფრაზები“. მისივე თქმით, ჩანაწერი „აბსოლუტური ფაბრიკაციაა“, დამონტაჟებული „კგბ“-ის მეთოდებით და „მიმდინარეობს საინფორმაციო ტერორი“.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წლის ოქტომბერში, პოლიტიკაში მოსვლის განცხადებამდე, ივანიშვილების ოჯახს, მათ შორის, ბერა ივანიშვილსაც, ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობდა.

2010 წელს ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, ივანიშვილისვე ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე ბერა ივანიშვილის ხმისჩამწერი სტუდიის დირექტორი იყო.

2010 წელს ანზორ ჩუბინიძე შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მსახურობდა. 2014 წლიდან დღემდე კი იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელია. ამ თანამდებობაზე იგი პრემიერმა ღარიბაშვილმა დანიშნა.

თავად ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წელს დატოვა და 2017 წელს მას არცერთი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა.

ამბის კონტექსტი

ფარული ჩანაწერები დაძაბული პოლიტიკური გარემოს ფონზე გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით დეკემბრიდან გაჩერებული დიალოგი განახლდა.  ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი „გაყალბების“ გამო არ აღიარებს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. კრიზისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.

ჩანაწერებზე საუბრისას ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ეს ხალხი [ქართული ოცნება] არის საშიში ხალხი, საქართველოს მომავლისთვის“. მანვე მამუკა მდინარაძის განმარტებას, რომ ჩანაწერი 2010 წლის არის, უპასუხა – „ძალაუფლება რომ არ ჰქონდათ მაშინ იქცეოდნენ ასე?!“.

ჩანაწერების სრულად გაშვებამდე, ანონსზე დაყრდნობით გააკეთა კომენტარი ნინო ლომჯარიამ. საქართველოს სახალხო დამცველმა ფარული ჩანაწერების გაკეთების პრაქტიკა დაგმო და ამ კუთხით სათანადო გამოძიების ნაკლებობას გაუსვა ხაზი. მისივე განცხადებით, მხოლოდ „ეფექტიანი“ გამოძიებით შეიძლება შეფასდეს „შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით“.

„ტელეკომპანია პირველმა“ საკითხზე ანზორ ჩუბინიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელმაც ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო, თუმცა თქვა, რომ ბერა ივანიშვილთან მსგავსი შინაარსის საუბარს ვერ იხსენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)