საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 9 მარტს განაცხადა, რომ ტელევიზიით სამი დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომლებშიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი, მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ, გამოძიება საუბრის „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ (სსსკ-ის 158-ე) დაიწყო.
საგამოძიებო უწყების განცხადებით, ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების დასადგენად ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, ასევე მათი „ავთენტურობის დადგენის მიზნით“ დაინიშნება ექსპერტიზები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ თუკი ჩანაწერები 2014 წლამდეა მოპოვებული, მაშინ ამისთვის ვინმეს დასჯა დღეს უკვე შეუძლებელია, რადგანაც 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „დამონტაჟებული“ ჩანაწერები 2010 წელს გაკეთდა.
რაც შეეხება გავრცელებას, მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხს დაყენება „ნამდვილად არ არის საუკეთესო გამოსავალი ან საუკეთესო პრაქტიკა“. მანვე განაცხადა, რომ პროკურატურა არაფერს ამბობს ჩანაწერების შინაარსზე , რომლებიც „შესაძლო დანაშაულის“ ნიშნებს შეიცავს.
პროკურატურის განცხადების შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა – „მე რომ ვიყო პროკურორი გამოვიძიებდი სწორედ იმას ვინ [და რა მიზნით] ჩაიწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი“. მანვე დაამატა, რომ იგი აგრეთვე დაადგენდა, როგორ მოხვდა ჩანაწერი „ერთპარტიულ ტელეკომპანია პირველში“ და „რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ“.
ამბის წინაისტორია
ფარული აუდიოჩანაწერები 6 მარტს ტელეკომპანია პირველმა“ გაავრცელა. ჩანაწერებში ისმის, რომ ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ერთ-ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილიც საქმის კურსშია. მეტიც, ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)