სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ 9 მარტს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ტელევიზიით ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა. ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძესთან და მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის ახალგაზრდების დასჯის საკითხს განიხილავს.
ჩანაწერების თარიღი
ინტერვიუში ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ მისი და ბერა ივანიშვილის საუბარი, რომელიც გავრცელებულ „მოდელირებულ“ ჩანაწერში ისმის, 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისის არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ჯერ გაცხადებულიც კი არ ჰქონდა.
ჩუბინიძემ, ჩანაწერების 2016-2017 წლებში გაკეთების შესახებ „ტელეკომპანია პირველის“ სავარაუდო ვერსია უარყო და თქვა, რომ ეს იყო მცდელობა, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ჩინოსანი ანზორ ჩუბინიძე“ „დაედანაშაულებინათ რაღაც აბსურდულ ბრალდებაში, რომ [ისინი] დასდევენ და ავიწროებენ ახალგაზრდებს“.
ანზორ ჩუბინიძის თქმით, იმ დროს, როდესაც ბერა ივანიშვილის მისამართით „მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები“ გავრცელდა, იგი ივანიშვილების ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო და საქმეში ჩართვა მის „პირდაპირ მოვალეობას“ წარმოადგენდა. შესაბამისად, მან მუქარის უკან მდგომი პირების „იდენტიფიცირება“ შეძლო და „აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი“.
ახალგაზრდების, მშობლების მოძიება
ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, რომ ამის შემდეგ იგი ერთ-ერთი ახალგაზრდის მშობელს დაუკავშირდა, რომელიც „აღმოჩნდა ადეკვატური კარგად გაიგო შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო პოზიტიურად“ და იმ ახალგაზრდასთან დააკავშირა, რომელიც „ძირითადად ავრცელებდა ამ [მუქარის შემცველ] პოსტებს“.
ჩუბინიძის თქმით, იმის გამო, რომ ახალგაზრდა სახლში მარტო აღმოჩნდა, მასთან საუბრის პროცესში მეზობლები ჩაერთვნენ, რათა მისთვის კეთილსაიმედო გარემო შეექმნა. მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მუქარას მომავალში რაიმე ქმედითი გაგრძელება არ ექნებოდა, ახალგაზრდასთან საუბარი დაასრულა და ადგილი დატოვა.
„სად არის შემდგარი დანაშაული? ვინ არის დაზარალებული?“, – იკითხა ჩუბინიძემ და დაამატა, რომ „დანაშაული არის [ჩანაწერების] უკანონოდ მოპოვება, შენახვა, შემდეგ მისი მოდელირება და გავრცელება“.
ამბის წინაისტორია
იმ დროს, როდესაც ჩანაწერების ავთენტურობა და დრო ჯერ კიდევ საკამათოა, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე თქვა, რომ ისინი 2010 წლის საუბრების „ფაბრიკაციაა“. ჩანაწერების რამდენიმე დეტალზე დაყრდნობით, „ტელეკომპანია პირველმა“ და რამდენიმე მედიასაშუალებამ ივარაუდა, რომ ჩანაწერის თარიღი, შესაძლოა, 2016-2017 წლები ყოფილიყო.
6 მარტს, „ტელეკომპანია პირველმა“ ანზორ ჩუბინიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, სადაც იგი ჩანაწერების ავთენტურობას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ბერა ივანიშვილთან მსგავსი შინაარსის საუბარს ვერ იხსენებს.
პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება 9 მარტს „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ დაიწყო და განმარტა, რომ მათი „ავთენტურობის დადგენის მიზნით“ დაინიშნება ექსპერტიზებიც.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)