ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ექვსმა ახლადარჩეულმა მოსამართლემ, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, 10 მარტს მოსამართლის ფიცი დადო.
გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ 9 წლიანი ვადით 2020 წლის 18 დეკემბერს აირჩიეს. იგი პირველი ქართველი კანდიდატია, რომელმაც ჰააგის მოსამართლის მანტია მოირგო.
გოჩა ლორთქიფანიძეს 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ოქტომბრიდან კი – მას შემდეგ, რაც ამავე უწყების მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა, იგი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
ლორთქიფანიძე სამართლის განხრით თსუ-ის, ესექსისა და ჰარვადრის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2005-2009 წლებში იგი საერთაშორისო სამართლისა და საგარეო საქმეთა საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო.
ლორთქიფანიძესთან ერთად, დღეს ფიცი ასევე დადეს – ჯოანა კორნერმა (გაერთიანებული სამეფო), მარია დელ სოკორო ფლორეს ლიერამ (მექსიკა), სერხიო ხერარდო უგალდე გოდინესმა ( კოსტა რიკა), მიატა მარია სამბამ (სიერა ლიონე) და ალზეა ვიოლეტ ალექსის-ვინდსორმა (ტრინიდადი და ტობაგო).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)