საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა დაგმო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ოცნების პოზიციებს ძირს უთხრის, და მას პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს „საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას“.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 10 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიების „უკანონო ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის“ ფონზე, რუსეთი აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ელემენტებს, რათა „უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას“.
მახარობლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, „საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია“ და მოსახლეობაში ნიჰილიზმი დათესოს.
„ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირება ხელს არ უწყობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, არსებული ისედაც ტურბულენტური გარემოს გათვალისწინებით, ზოგადად რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“, – განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 9 მარტის განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც „ბოლო დროს ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების თანახმად, „საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, ამერიკელები სისტემური სამუშაოს განხორციელებას გეგმავენ, რათა ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, ხოლო „ქართული ოცნების“ პოზიციებს ძირი გამოუთხარონ“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)