საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 11 მარტს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა მიზანიც „მომავალი საარჩევნო პროცესების“ გაუმჯობესებაა.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომლებიც არჩევნების სამართლიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს:
- უნდა გადაიხედოს პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრების დაკომპლექტების რეგულაციები იმისთვის, რომ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლების რაოდენობა უფრო დაბალანსებული იყოს;
- იმ შემთხვევებში, როდესაც შედეგების ვალიდურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, უნდა მოხდეს შედეგების დროული და გამჭვირვალე გადათვლა; შემაჯამებელი ოქმების შესწორების „სადავო“ პროცედურის გადახედვა;
- უპარტიო დამკვირვებლებისთვის უფრო მკაცრი რეგულაციების შემუშავება, რადგანაც საარჩევნო დაკვირვების უპარტიო მექანიზმი ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ ბოროტად გამოიყენა;
- საჩივრების წარდგენის ვადების გახანგრძლივება;
- დაშინებისა და ძალადობის შემთხვევების, მათ შორის, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების წინააღმდეგ, სწრაფი გამოძიება და დამნაშავეთა დროული დასჯა; საზოგადოებასთან კომუნიკაციის სათანადო ზომების განხორციელება;
- სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ზომები ქალი კანდიდარებისადმი „სექსუალური შევიწროების პრაქტიკის აღსაკვეთად, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების სრული დაცვის გზით“.
- პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეძლონ უმცირესობების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია წლის განმავლობაში, გახსნან პარტიის ოფისები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ამომრჩეველს მიაწოდონ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
წინასაარჩევნო პერიოდი
IRI-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო კარგად ორგანიზებული, გამჭვირვალე პროცესი, რომელმაც, მეტწილად, კანონმდებლობის დაცვით ჩაიარა. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, კრიტიკა გამოიწვია საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესმა, სადაც მმართველ პარტიას სამი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსს მხოლოდ თითო წარმომადგენელი ჰყავდათ.
რაც შეეხება კამპანიის დაფინანსებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ბრალდებები მმართველ პარტიასა და სახელმწიფო მსხვილ ტენდერების მფლობელ ბიზნეს სუბიექტთა შორის კავშირების თაობაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა შესაძლებლობა სრულად გამოეძიებინა ბრალდებები და გაეანალიზებინა მმართველ პარტიასა და ბიზნესს შორის ფინანსური საქმიანობის კავშირები“.
არჩევნების დღე, შეუსაბამობები შემაჯამებელ ოქმებში
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებდა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში და რეგიონალურ დონეზე შედეგების შეჯამების პროცესის გარდა, ტექნიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა ეფექტიანად იყო განხორციელებული. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ხმების დათვლის პროცესი „რთული და უპრეცედენტო“ იყო, საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების განსაკუთრებული რაოდენობის გამო“, რასაც მოჰყვა ოქმები აშკარა მათემატიკური შეუსაბამობით და სხვა ხარვეზებით. თუმცა, ბევრი ოქმი „სწრაფად გასწორდა“ არჩევნების დღის შემდეგ.
„მიუხედავად ამისა, გამჭვირვალობის ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი ბოროტად გამოიყენა ზოგიერთმა პოლიტიკურმა აქტორმა, რომლებმაც გაავრცელეს წუნდებული ოქმები, რათა ყურადღება გაემახვილებინათ შედეგების ფალსიფიკაციაზე, რაც მიმართული იყო ცესკოს დისკრედიტაციისკენ“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის უფლება, შეიტანოს ცვლილებები შემაჯამებელ ოქმში არჩევნების მეორე დღეს, „საუკეთესო შემთხვევაში, ემყარება უბნის წევრების მეხსიერებას, მოსაზრებასა და საუბნო საარჩევნო კომისიის ახსნა-განმარტებით ბარათებს, ხოლო უარეს შემთხვევაში, ზრდის მანიპულაციის ალბათობას“.
საარჩევნო დარღვევები, საჩივრები
IRI იტყობინება, რომ დარღვევები არჩევნების დღეს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა არჩევნების დროს, 2020 წელსაც განმეორდა, მათ შორის იყო საარჩევნო უბანზე საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის ჭარბი წარმომადგენლობა, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ, საარჩევნო დაკვირვების უპარტიო მექანიზმის ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებს; ასევე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შემთხვევების 100%-იანი ზრდა 2016 წლის არჩევნებთან შედარებით; მედიის მიერ ამომრჩეველთა გადაღება საარჩევნო უბნებზე და დამკვირვებლების წინააღმდეგ დაშინების შემთხვევები.
ანგარიშის თანახმად, ძირითადი საარჩევნო დამკვირვებლების მოწოდებები ხმების ხელახლა გადათვლის თაობაზე დიდწილად წარუმატებელი იყო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა შედეგები გადაითვალეს 39 უბანზე, „აქედან, 6 ინიცირებული იყო სოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, 14 იყო საჩივრების შედეგი, ხოლო 19 – სასამართლოების გადაწყვეტილებით“.
IRI-ს ინფორმაციით, საოლქო და საუბნო კომისიებში წარდგენილი საჩივრები წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებთან დაკავშირებით ხშირად ბიუროკრატიული საფუძვლით არ განიხილებოდა.
„არჩევნებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, 72 საჩივარი შევიდა არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ, რომლებსაც იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ასევე წაიკითხეთ:
- „ოდირმა“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა
- IRI-მ არჩევნების შეფასების მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)