Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება

„ტელეკომპანია პირველმა“ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, ფოტო: კადრი „ტელეკომპანია პირველის“ ვიდეოდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მედიასთან საუბრისას, ფარული ჩანაწერების თემაზე დუმილი პირველად დაარღვია და თქვა, რომ იგი ყოფილი ხელისუფლების დროს, ტოტალური მოსმენებისა და კონტროლის „მსხვერპლი“ იყო. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ჩანაწერები 11 წლის წინანადელი სატელეფონო საუბრების „ფაბრიკაციაა“.

პრემიერ-მინისტრმა მისი ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრალდებები კატეგორიულად უარყო და თქვა – „დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული… დაზარალებულნი ვართ ჩვენ“. მისივე თქმით, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, თუ „რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რატომ საუბრობს მასთან ბერა ივანიშვილი „მინისტრების დარეკვაზე“ და აღნიშნა, რომ მას, იმ დროისთვის, როგორც საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ხელმძღვანელს, „პირდაპირი კომუნიკაცია“ ჰქონდა „მთავრობის უწყებებთან, მათ შორის, მინისტრებთან“.

პრემიერის ამ განცხდებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა, რომელიც იმ მომენტისთვის თბილისის მერის პოსტზე მსახურობდა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ტყუის, რადგანაც ნაციონალურ მოძრაობას 2010 წელს ფონდ „ქართუსთან“ ურთიერთობა უკვე „სრულად გაწყვეტილი“ ჰქონდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩანაწერი, 2017 წელსაც რომ ყოფილიყო გაკეთებული, როგორც ამის თაობაზე „ტელეკომპანია პირველმა“ ივარაუდა, იგი ამ დროისთვის პოლიტიკიდან უკვე ორი წლის წასული იყო, ბიზნესში მოღვაწეობდა და „საჯარო პოლიტიკაში“ აღარ ყოფილა. „აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტიც არის სრულიად არალეგიტიმური“, – დაამატა მან.

პრემიერმა ჩანაწერების გავრცელებაში მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა, რომლის მიზანიც, ღარიბაშვილისვე შეფასებით, ევროკავშირის შუამავლობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის განახლებული მოლაპარაკებების ჩაშლაა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრა. ჩანაწერებში ისმის, რომ იგი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის მხრიდან ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურცხმყოფელის კომენტარებისთვის ახალგაზრდების დასჯისა და დაშინების იდეას იწონებს და ახალისებს, რომლის განხორციელებასაც ეს უკანასკნელი ანზორ ჩუბინიძეს სთხოვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)