ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში, ქრისტიან დანიელსონმა ცალკე შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“, გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე იმ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, რომელთაც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს.
მმართველის პარტიის ლიდერებმა მოლაპარაკებების დეტალებზე კომენტარი არ გააკეთეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს – რიგგარეშე არჩევნებს და სავარაუდო პოლიტპატიმრების გათავისუფლებას – მმართველი პარტია კომპრომისის წინაპირობად არ განიხილავს.
ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარი მოლოდინების შესახებ ისაუბრეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მათ მედიაციის პროცესის წარმატებით დასრულების „პოლიტიკური ნება“ აქვთ.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს… და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას წარმოადგენდეს ნიკა მელია“, – განაცხადა მან.
დღეს, დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება ქართულ ოცნებას უნდა მოლაპარაკებები, თუ მოლაპარაკებობანას თამაში“.
„კვირის საღამოს, ორშაბათს გამთენია ჩვენ გვექნება უფრო ნათელი სურათი შეთანხმების გზით მივდივართ, თუ შეუთანხმებლობის გზით“, – დასძინა ვაშაძემ.
დღეს მან შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ – ევროპული საქართველოს ლიდერები დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია; სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე; ლელო საქართველოსთვის ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე; ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან გირჩი – მეტი თავისუფლება და ვახტანგ მეგრელიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრიდან – გირჩი. კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან, მოქალაქეების წევრ ლევან იოსელიანთან და გოჩა თევდორაძესთან პატრიოტთა ალიანსიდან.
წინაისტორია
ქრისტიან დანიელსონს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის მანდატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიანიჭა, რომელიც, თავის მხრივ, 1 მარტს მხარეებს შორის განახლებულ მოლაპარაკებას უწევდა მედიაციას. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ევროკავშირის შუამავლობის ინიციატივა, თებერვალში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას მოჰყვა. ნიკა მელია პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან მეორე დღესვე დააპატიმრეს. ღარიბაშვილმა თანამდებობაზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელიც მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა.
ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 54 კვლავაც ბოიკოტს უცხადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)