Site icon Civil.ge

ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს

ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს, 15 მარტი, 2021, ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხი ხომალდი 15-18 მარტს საპორტო ვიზიტით ფოთის პორტს სტუმრობს. ხომალდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა მასპინძლობს.

შენაერთის შემადგენლობაშია: საფლაგმანო ხომალდი CRISTOBAL COLON (ესპანეთი), REGINA MARIA (რუმინეთი), KEMALREIS (თურქეთი) და SMELI (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს ხომალდები  საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად ერთობლივ წვრთნებს განახორციელებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“, – განაცხადა შსს-მ 15 მარტს.

ნატოს გაერთიანებულმა საზღვაო ძალებმა (MARCOM) რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნატოს ხომალდები შავ ზღვაში 12 მარტს შევიდნენ და ვიზიტის დასრულების შემდეგ, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი თავის საქმიანობას ხმელთაშუა ზღვაზე განაგრძობს.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)