Site icon Civil.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, 15 მარტი, 2021, ფოტო: მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 15-17 მარტს ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კროს შეხვდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან პრეზიდენტ მიშელს საქართველოში არსებული კრიზისის თაობაზე ქართული ოცნების პოზიცია გაუზიარა.

„ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას.

ეს კომენტარი იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში მედიაციის საკითხში, ქრისტიან დანიელსონი უკვე მეოთხე დღეა, თბილისში პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს მართავს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელიც პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ახლავს, განაცხადა, რომ „ევროკავშირის მედიაცია და ჩართულობა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია“.

ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდერ დე კროსთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციის გამოწვევებზე, ევროკავშირში წევრობაზე  საქართველოს 2024 წლის განაცხადზე, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა თავის ქართველ კოლეგას „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ისევე, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა“.

დღეს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ასოცირების შეთანხმების საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ  ბორელის თავმჯდომარეობით გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)