Site icon Civil.ge

საქართველო ყირიმის ანექსიას გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, ფოტო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-ის გვერდიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 მარტს დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაცია და ანექსია. უწყებამ განცხადება უკრაინის რეგიონის რუსეთის მიერ ანექსიის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას“, – განაცხადა სამინისტრომ და დაამატა რუსეთის ოკუპაცია საქართველოს „საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი“.

„ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ურყევი და ერთიანი პოზიცია, რათა წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას და საერთაშორისო მექანიზმების ეფექტური გამოყენებით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე“, – აღნიშნა სამინისტრომ.

საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს „მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)