Site icon Civil.ge

17 მარტი, 1921: ბათუმში შეტაკებები იწყება, მთავრობის ნაწილი ემიგრაციაში მიდის

ბათუმის პორტი. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.  

ბათუმში შემოსული თურქულ ჯარებზე დაყრდნობით, ქიაზიმ ბეიმ ბათუმი, ახალციხის და ახალქალაქის ოლქები, ოსმალეთთან მიერთებულად, ხოლო თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა.  

ქიაზიმ-ბეიმ ქართულ მხარეს წინადადება მისცა 24 საათის განმავლობაში დაეტოვებინათ ოლქის ფარგლები და დაეყარათ იარაღი.  

ოსმალებმა დაიკავეს ფოსტა, ტელეგრაფი, ქალაქის მილიციის სამმართველო და სხვა დაწესებულებები. ქალაქში დააყენეს პოსტები. დაიწყო შეტაკებები ქართულ ჯარსა და თურქულ ნაწილებს შორის.   

ქუთაისში დაიწყო მოლაპარაკებები ბოლშევიკებთან ომის შეწყვეტისა და ბათუმში შემოსული თურქების ერთობლივი ძალებით განდევნის შესახებ, ამისათვის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა წყვეტდა საბრძოლო მოქმედებებს ბოლშევიკების წინააღმდეგ და უგზავნიდა ვაგონებს რუსულ ნაწილებს რათა ბათუმიდან ერთობლივად განედევნათ თურქები. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისით, უმჯობესი იყო ბათუმი ბოლშევიკებს დარჩენოდათ, დანარჩენ საქართველოსთან ერთად, ვიდრე ის გადასულიყო თურქების ხელში.

ბათუმში ციხიდან გამოუშვეს ბოლშევიკები, რომელთაც სერგო ქავთარაძის მეთაურობით შექმნეს ადგილობრივი რევკომი.

დამფუძნებელი კრებამ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე*, საქართველოს მთავრობას ნოე ჟორდანიას მეთაურობით დაავალა, საზღვარგარეთ გაეგრძელებინა ფუნქციონირება.

*ოპოზიციური ფრაქციების ნაწილი განხილვაში არ მონაწილეობდა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა