Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა

ფოტო: unsplash.com

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 მარტს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით – 8.5%-მდე გაზარდა და ამის მიზეზად, სხვა ფაქტორებთან ერთად, ინფლაციის ზრდის რისკები დაასახელა.

ეროვნული ბანკის განცხადებით, „ამ ეტაპზე, წლის განმავლობაში, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება“.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე 2020 წლის აგვისტოში შეამცირა და მას შემდეგ ოთხჯერ უცვლელად დატოვა.

ეროვნული ბანკის თქმით, თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო და გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ განაპირობა, რაც დროებითი ხასიათისაა.

სებ-ის განცხადებით, ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდა. „ამასთან, პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

სებ-ის პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5%-ის ფარგლებში იქნება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეროვნული ბანკის განცხადებით, კოვიდ-19-ის შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი მოთხოვნა იქნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 28 აპრილს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)