„ნატო იმედოვნებს, რომ საქართველო დაიცავს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შემუშავებაზეც მან ბოლო წლებში ამდენი იმუშავა“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 17 მარტს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველომ პოლიტიკური უთანხმოებები დიალოგის გზით უნდა მოაგვაროს და თავი აარიდოს უთანხმოების გამომწვევ რიტორიკასა და ქმედებებს. „პრემიერ-მინისტრო, მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და საერთო გამოსავალი გამონახოთ“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში და სწორედ „ესაა მიზეზი, რატომაც მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის [ნიკა მელიას] დაკავებით“.
ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მათ ისაუბრეს, თუ როგორ გააღრმავონ თანამშრომლობა, მათ შორის, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მეშვეობით.
მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოსა და ნატოსთვის პრიორიტეტულია, განსაკუთრებით რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის ფონზე. „ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი იქ ყოფნა გავაძლიეროთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მიესალმა რეგიონში ნატოს გაძლიერებულ ყოფნას და აღნიშნა, რომ „ევროპის უსაფრთხოება ვერ იქნება სრულყოფილი სტაბილური და უსაფრთხო შავის ზღვის გარეშე“.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს „ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი“ აქვს ალიანსში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. მისივე თქმით, ქვეყანამ დაადასტურა, რომ მას შეუძლია „კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარება ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობით“.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ძალღონე არ დაიშურა ნატოს ღირებულებების დაცვისა და ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. „მიგვაჩნია, რომ მოვიდა დრო, რომ წინ წავიწიოთ საქართველოს მისწრაფებებში“, – განაცხადა მან.
დღესვე, მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელიც 15-17 მარტს ბრიუსელს სტუმრობს, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში
- ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს
- ბორელი ღარიბაშვილთან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე საუბრობს
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
- პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)