Site icon Civil.ge

„სამართლიანი არჩევნები“ PVT-ის გაყალბებაზე ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფოტო: Twitter/Georgian Dream

არასამთავრობო ორგანიზაცია“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბების თაობაზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ „უსაფუძვლო“ ბრალდებას პასუხობს და მას სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა უწოდებს.

ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხმების პარალელური დათვლის შედეგების დროს დაშვებულ ტექნიკურ შეცდომას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ქართულ ოცნებას „შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც კობახიძემ ბოლო დღეებში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგის დროს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ PVT-ის შედეგები „ოპოზიციამ გააყალბა“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორიციული ნაწილის ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების მაჩვენებელი თავდაპირველთან შედარებით, 45.8%-დან 47.6%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც შიდა აუდიტმა დაადგინა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტები „უმნიშვნელოდ“ შეცვალა. პირველად, კობახიძემ ოპოზიცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებით მანიპულირებაში 9 დეკემბერს დაადანაშაულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)