წყარო: გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები, გამომც. ოჩოპინტრე, 2014
გენერალი მაზნიაშვილი:
19 მარტს დილიდანვე, ოსმალებმა გაძლიერებული იერიშები მოიტანეს კახაბრის ფრონტზე, მაგრამ ჩვენი არტილერია, მამაცი მაიორის პ. ქარუმიძის უფროსობით ისე ბრწყინვალედ მოქმედებდა, რომ ოსმალები ვერაფერს აწყობდნენ. სხვათა შორის, ამ არტილერიას ოსმალებთან ბრძოლაში დიდი ზარალი მოუვიდა. პ. ქავთარაძე მატყობინებდა, რომ მსროლელები და მემიზნეები მოუკლეს და დაუჭრეს, ხოლო ზარბაზნებიდან სროლა ახლა ოფიცრებს უხდებოდათ. საქმე ცუდად იყო. არტილერიის ნაწილები ქალაქში არ გვყავდა. საჭირო იყო ზარბაზნებიდან სროლისათვის ცოტაოდენად მცოდნე ჯარისკაცნი. ქალაქის მილიციის უფროსის დახმარებით ქალაქის მაცხოვრებლებს შორის 20-მდე მოხალისე მოგროვდა, რომლებიც ოდესღაც არტილერიაში მსახურობდნენ და ქარუმიძის განკარგულებაში გავგზავნე.
სტეფანოვკასა და ანარიის გარნიზონებს, გზადაგზა მრავალი დაბრკოლების გადალახვა და ოსმალებთ ან ხანმოკლე ბრძოლა მოუხდათ. ბოლოს კახაბრის ფრონტის გარნიზონს შეუერთდნენ. ამ დღეს ოსმალებს დიდი ზარალი მოუვიდათ, კახაბრის ახლოს ღელეები სავსე იყო მოკლული ასკერების გვამებით. ქიაზიმ-ბეის მდივანი ხშირად დარბოდა რევკომის თავმჯდომარის კანცელარიაში, სხვადასხვაგვარი თხოვნებით, და ამისგან გავიგეთ, რომ იმ დღეს ოსმალებმა ორი თვალსაჩინო შტაბ-ოფიცერი დაკარგეს. ბათომის მიდამოები მტრისაგან უკვე მთლიანად გაწმენდილი იყო, ახლა საჭირო გახლდათ მხოლოდ განიარაღება მტრის პატარა რაზმებისა, რომლებიც ჩასაფრებულნი იყვნენ ქალაქის მილიციის და ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში.
ეს ოპერაცია 20 მარტს უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ დილის 9 საათზე ჩემთან ქიაზიმ-ბეის მდივანი გამოცხადდა და მისი სახელით გადმომცა, რომ ქიაზიმ-ბეიმ გადაწყვიტა დაცალოს ქალაქი და გავიდეს თავის საზღვრებზე ჭოროხის იქით. ამასთან მდივანმა მთხოვა, მათთვის ერთი დღის საგზალი პური დამეთმო, რადგან გარნიზონს სამი დღეა არაფერი უჭამია.
ეს ამბავი, რომ მათ საჭმელი არა ჰქონდათ, მე წინდაწინვე ვიცოდი. რევკომის თავჯდომარესთან (სერგო ქავთარაძესთან) ერთად გადავწყვიტეთ, ოსმალებისთვის ქალაქის დაცლის საშუალება მიგვეცა.
ქიაზიმ-ბეის თხოვნა მაშინვე დავაკმაყოფილე, გავუგზავნე საკმაო პური და ქალაქში დაბანაკებული გარნიზონს ვუბრძანე, მიეღოთ ზომები ოსმალების მიმავალი ჯარების დასაცავად, სანამ ისინი არ გასცდენოდნენ ფრონტების ხაზს. ამის შემდეგ რევკომის თავმჯდომარესთან გავემართე და მოვახსენე: რომ 20 მარტს 12 საათიდან ბათუმსა და მის ოლქში მტრის არც ერთი შეიარაღებული ჯარისკაცი აღარ არის.